მეხანძრე-მაშველებმა 13 ივნისს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

13 ივნისის სტიქიამ 21 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, ორი ადამიანი კი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება. დაიღუპა დაახლოებით 300 ცხოველი
Sputnik

თბილისი, 13 ივნისი - Sputnik. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები 13 ივნისს გარდაცვლილთა მემორიალთან მივიდნენ და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ცნობით, მეხანძრე-მაშველებმა ტრაგედიის დროს გარდაცვლილი თანამშრომელი, ზურაბ მუზაშვილი გაიხსენეს და მემორიალთან სიმბოლურად, ზუსტად იმ დროს მივიდნენ, როცა 5 წლის წინ უკანასკნელად ჰქონდათ კონტაქტი თანამებრძოლთან.

ზურაბ მუზაშვილი 13 ივნისის მოვლენების დროს ერთ-ერთი პირველი იყო იმ მაშველთაგან, ვინც სტიქიის ეპიცენტრში გამოცხადდა. სამაშველო ოპერაციის მსვლელობისას მან 6 ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეძლო, თვითონ კი წყლიდან გამოსვლა ვეღარ მოახერხა.

2015 წლის 13 ივნისს ადიდებულმა მდინარე ვერემ დატბორა საცხოვრებელი სახლები, ზოოპარკი, „მზიურის" პარკი, თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების კერძო თავშესაფარი და ასევე მოშალა ქალაქის ინფრასტრუქტურა. სტიქიამ 21 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, ორი ადამიანი კი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება. დაიღუპა დაახლოებით 300 ცხოველი.

ოფიციალური ვერსიით, ტრაგედიის მიზეზი წყნეთი-ბეთანიის დამაკავშირებელ გზაზე ჩამოწოლილი მეწყერი გახდა. დაახლოებით ერთი მილიონი კუბური მეტრი მიწის მასის ჩამოსვლამ ვერეს ხეობაში წყალდიდობა და გამანადგურებელი პროცესები გამოიწვია. მოვარდნილმა ღვარცოფმა გაანადგურა საცხოვრებელი სახლები, გზები, ხიდები, გვირაბები, საყრდენი კედლები, საკომუნიკაციო სისტემები. თითქმის მთლიანად დაიტბორა „მზიურისა" და ზოოპარკის ტერიტორია.

ზარალმა დაახლოებით 90 მილიონი დოლარი შეადგინა.