გიორგი გახარიამ და კახა კალაძემ 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

13 ივნისის სტიქიამ 21 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, ორი ადამიანი კი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება. დაიღუპა დაახლოებით 300 ცხოველი
Sputnik

თბილისი, 13 ივნისი - Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა  გიორგი გახარიამ და  დედაქალაქის მერმა  კახა კალაძემ 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.

2015 წლის  13 ივნისს ადიდებულმა მდინარე ვერემ დატბორა საცხოვრებელი სახლები, ზოოპარკი, „მზიურის" პარკი, თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების კერძო თავშესაფარი და ასევე მოშალა ქალაქის ინფრასტრუქტურა. სტიქიამ 21 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, ორი ადამიანი კი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება. დაიღუპა დაახლოებით 300 ცხოველი.

„მზიურის“ რეაბილიტაცია დასკვნით ფაზაშია >>

„ხუთი წელი გავიდა უკვე. რა თქმა უნდა, დიდი ტრაგედია მოხდა თბილისში, საქართველოში. რა თქმა უნდა, პირველ რიგში უნდა მივუსამძიმროთ ჩვენს მოქალაქეებს, რომლებმაც ოჯახის წევრები დაკარგეს, მაგრამ ყველაფერთან ერთად, ეს იყო ძალიან დიდი ერთიანობის დღე. ეს იყო უდიდესი სოლიდარობის და ერთმანეთზე ზრუნვის დღე, როდესაც ახალგაზრდებმა უაღრესი ძალა და ენერგია გამოავლინეს. გამოავლინეს უაღრესი ძალა, ენერგია ერთსულოვნების, ერთად დგომის, ერთმანეთზე ზრუნვის, უდიდესი სამოქალაქო პასუხისმგებლობა“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მეხანძრე-მაშველებმა 13 ივნისს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

თბილისის მერმა  მადლობა გადაუხადა   ყველა ადამიანს, ახალგაზრდასა და მოხალისეს, რომლებმაც 13 ივნისის სტიქიის შემდეგ  სოლიდარობა და თანადგომა გამოიჩინეს.

„ყველას გვახსოვს, თუ რამდენად მძიმე იყო ის ღამე, მე პირადად ვიმყოფებოდი ყველა ლოკაციაზე და მახსოვს, რამდენად უსუსურები ვიყავით სტიქიის წინააღმდეგ. ყველაფერი იყო ჩაბნელებული, ისმოდა ადამიანების ძახილი, ყვირილი დახმარების გაწევასთან დაკავშირებით, ცხოველების ღმუილი, უმძიმესი სიტუაცია იყო, ძალიან მძიმე, დანგრეული, გაუბედურებული ინფრასტრუქტურა და ყველაზე რთული – გარდაცვლილი ადამიანები, რომლის სიცოცხლის დაბრუნებას ჩვენ ვერ შევძლებთ“, – განაცხადა თბილისის მერმა.

როგორც მან აღნიშნა, სტიქიის მომდევნო დღეების ახალგაზრდების ჯგუფმა უდიდესი სოლიდარობა გამოიჩინა.

„ეს ჩვენთვის რთული მომენტია" – თბილისის ზოოპარკის დირექტორი 13 ივნისის ტრაგედიას იხსენებს >>

ოფიციალური ვერსიით, ტრაგედიის მიზეზი წყნეთი-ბეთანიის დამაკავშირებელ გზაზე ჩამოწოლილი მეწყერი გახდა. დაახლოებით ერთი მილიონი კუბური მეტრი მიწის მასის ჩამოსვლამ ვერეს ხეობაში წყალდიდობა და გამანადგურებელი პროცესები გამოიწვია. მოვარდნილმა ღვარცოფმა გაანადგურა საცხოვრებელი სახლები, გზები, ხიდები, გვირაბები, საყრდენი კედლები, საკომუნიკაციო სისტემები. თითქმის მთლიანად დაიტბორა „მზიურისა" და ზოოპარკის ტერიტორია.

ზარალმა დაახლოებით 90 მილიონი დოლარი შეადგინა.