გახარიამ მეუღლეს ავტომობილი უყიდა

ქვეყანაში ხმაური გამოიწვია საქართველოს პრემიერ-მინისტრის გამოქვეყნებული დეკლარაცია, რომლის თანახმად მას პირადად ქონება არ გააჩნია, ხოლო მის მეუღლეს - Toyota RAV4
Sputnik

თბილისი, 13 ივნისი — Sputnik. 2012 წლის შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ერთადერთი მსხვილი შენაძენი მისი მეუღლის ავტომობილია.

ქართულ საზოგადოებაში ბოლო დროს ერთ-ერთი ყველაზე განხილვადი თემაა საქართველოს პრემიერ-მინისტრის დეკლარაცია, რომლის თანახმად მას პირადად არანაირი ქონება არ გააჩნია, ხოლო მის მეუღლეს აქვს ავტომობილი Toyota RAV4, რომელიც 2016 წელს არის შეძენილი. მეუღლის ანგარიშებზეა 1,1 ათასი ლარი, 553,3 ათასი დოლარი და 393 ევრო, თავად გახარიას - 99 ლარი.

„ფაქტობრივად, ოთხი ახალი კლასტერია": რას უფრთხის გახარია

„საქართველოში 2012 წლის შემდეგ არანაირი უძრავ-მოძრავი ქონება არ შემიძენია, ერთადერთი მანქანის გარდა, რომელიც შევუძინე ჩემს მეუღლეს. ახლა ერთი რამ მინდა, გითხრათ, მე ჩემ მეუღლესთან ერთად, საკმაო ფინანსური რესურსი მაქვს დაგროვილი და შექმნილი ჩემს წინა ცხოვრებაში. შესაბამისად, ვერავინ ვერასოდეს ვერც ერთი მაგალითს ვერ მოიყვანს, რომ მე რაღაც 2012 წლის შემდეგ ამ ქვეყანაში შევიძინე“, - განუცხადა გახარიამ ჟურნალისტებს.

პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ მთლიანი ინფორმაცია მისი ფინანსური მდგომარეობის შესახებ მის დეკლარაციაშია ასახული.

„ჩემს დეკლარაციაში ყველაფერი არის დეტალურად. თქვენ შეგიძლიათ, ბევრი სპეკულაცია მოიყვანოთ, მაგრამ ამის უკან არაფერი არ არის. ვინმეს რამე კონკრეტული ფაქტი თუ გაქვთ, მოიტანეთ“, - განუცხადა გახარიამ მედიის წარმომადგენლებს.

2013 წლამდე გახარია არ ცხოვრობდა საქართველოში და 5 წლის განმავლობაში მუშაობდა ბიზნესის განვითარების დირექტორად კომპანიაში Lufthansa Service Holding AG, ევროპაში, დსთ-ის ქვეყნებსა და რუსეთში.

საქართველოში პრემიერ-მინისტრობამდე სამი წლის განმავლობაში იყო ბიზნესომბუდსმენი, შემდეგ იკავებდა ეკონომიკის მინისტრის, შემდეგ კი შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტებს. მთავრობის მეთაური 2019 წლის სექტემბრიდან გახდა.