ფონდი „ქართუს“ დაფინანსებით 100-მდე ძეგლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

სააგენტოს ცნობით, ფონდ „ქართუს“ კულტურის სფეროში ქველმოქმედების სახით მილიარდ ლარამდე აქვს გაღებული,  საქართველოს მასშტაბით კი აღდგენილი აქვს 800-ზე მეტი ისტორიული კულტურული ძეგლი
Sputnik

თბილისი, 13 ივნისი - Sputnik. ფონდი „ქართუს“ დაფინანსებით წელს კულტურული მემკვიდრეობის 100-მდე ძეგლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, ნათქვამია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სამცხე-ჯავახეთში სომხური ეკლესიის ტერიტორიაზე სამარხები დააზიანეს

ვარძიაში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წლიური ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა, სადაც  სააგენტოს ხელმძღვანელმა, ნიკოლოზ ანთიძემ 2019 წელს განხორციელებული და მიმდინარე პროექტები წარადგინა. პრეზენტაციაში განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმაც მიიღო მონაწილეობა.

სააგენტოს ცნობით, ბიძინა ივანიშვილსა და ფონდ „ქართუს“ კულტურის სფეროში ქველმოქმედების სახით მილიარდ ლარამდე აქვს გაღებული.

„მხოლოდ მიმდინარე წელს, ძეგლთა დაცვის მიმართულებით „ქართუს“ საქველმოქმედო დაფინანსება 20 მილიონ ლარს აჭარბებს, რომლის ფარგლებშიც, 100-მდე ძეგლზე სარესტავრაციო-სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ფონდი „ქართუს“ გამგეობის თავმჯდომარის, ნიკოლოზ ჩხეტიანის თქმით, ფონდს საქართველოს მასშტაბით აღდგენილი აქვს 800-ზე მეტი ისტორიული კულტურული ძეგლი.

სვანეთში დაცულ უნიკალურ სახარებას ეროვნული არქივის ლაბორატორიაში რესტავრაცია ჩაუტარდება

სააგენტოს ცნობით, 2019 წელს ფონდი „ქართუს“ ძალისხმევით, კულტურული მემკვიდრეობის 75 ძეგლის რეაბილიტაცია განხორციელდა.

პრეზენტაციას ფონდი „ქართუს“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეტიანი, პრემიერ-მინისტრის მრჩეველი, სოზარ სუბარი, ასევე ხელისუფლებისა და საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.