თბილისის მერი: ვერეს ხეობაში წყალდიდობა აღარ განმეორდება

ქალაქის მერის თქმით, ხეობაში დამონტაჟდა ავარიული სისტემა და დამჭერები მიწის მასებისთვის, რათა დედაქალაქის მოსახლეობა მაქსიმალურად იყოს დაცული სტიქიის განმეორებისაგან
Sputnik

თბილისი, 13 ივნისი — Sputnik. მდინარე ვერეს ხეობა საიმედოდ არის დაცული ტრაგედიის განმეორებისაგან, რომელიც თბილისში 2015 წლის 13 ივნისს მოხდა, განუცხადა დედაქალაქის მერმა ჟურნალისტებს.

წყნეთი–ბეთანიის გზაზე ჩამოწოლილმა მეწყერმა 13 ივნისის ღამეს წყალდიდობა გამოიწვია. მდინარე ვერეში წყლის დონემ მოიმატა და ნაპირებიდან გადმოვიდა. ადიდებულმა მდინარემ დატბორა საცხოვრებელი სახლები, ზოოპარკი, „მზიურის" პარკი, თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების კერძო თავშესაფარი, ასევე მოშალა ქალაქის ინფრასტრუქტურა. სტიქიამ 21 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, ორი ადამიანი კი დღემდე დაკარგულად ითვლება.

„ეს იყო ის, რაც 100 წლის განმავლობაში შეიძლება ერთხელ მოხდეს. ზოგადად პრევენციის გაკეთება ძალიან რთულია, თუმცა ამ კონკრეტულ მონაკვეთზე სამუშაოები უმაღლეს დონეზე ჩატარდა. დამონტაჟებულია ასევე საალარმე სისტემა, ყოველდღიურ რეჟიმში ხდება მონიტორინგი, ასევე თვითონ ვერეს ხეობაში განხორციელდა რამდენიმე ინფრასტრუქტურული პროექტი, ეს არის ნატანდამჭერების იმისთვის, რომ მაქსიმალურად დაზღვეული ვიყოთ იმისგან, რაც მოხდა”, - განაცხადა კალაძემ.

თბილისის მერი, როგორც უამრავი ქალაქელი, მივიდა სვანიძის ქუჩაზე წყალდიდობის მსხვერპლთა მემორიალთან. ეს ქუჩა წყალდიდობის შედეგად ყველაზე მეტად დაზარალდა.