სასამართლომ საქართველოს ყოფილი პროკურორი გენერლის მკვლელობაში უდანაშაულოდ ცნო

სასამართლომ ექსპროკურორი მკვლელობაში უდანაშაულოდ ცნო და იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებისთვის ექვსი წლით პატიმრობა მიუსაჯა
Sputnik

თბილისი, 12 ივნისი - Sputnik. რუსთავის საქალაქო სასამართლომ კახეთის რეგიონის ყოფილ პროკურორ გიორგი ჭანტურიას, რომელსაც გენერალ სოსო ქუთათელაძის მკვლელობაში ედებოდა ბრალი, უდანაშაულოდ ცნო.

თუმცა დამნაშავედ ცნო მეორე მუხლით - იარაღის შეძენა-შენახვა-ტარებისთვის და ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

გენერალი სამსონ ქუთათელაძე რუსთავში, „სტამბოლის ბაზარზე“, საკუთარ კაბინეტში 2018 წლის 15 იანვარს ცეცხლსასროლი იარაღით მოკლული იპოვეს. იგი ბაზრის მეწილე იყო. რამდენიმე დღეში გიორგი ჭანტურია დააკავეს, თუმცა 18 იანვარს ბრალის წარდგენის გარეშე გაათავისუფლეს. მოგვიანებით, 8 აგვისტოს, გიორგი ჭანტურია სამართალდამცველებმა განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს.

გენერლის მკვლელობა - მთავარი ეჭვმიტანილი ბრალს უარყოფს

„ჩვენ იმთავითვე ვაცხადებდით, რომ გიორგი ჭანტურიას არ აქვს ეს დანაშაული ჩადენილი და რომ მის მიმართ ფალსიფიცირებული მტკიცებულებების გზით ცდილობდა პროკურატურა და შსს ბრალდების დამტკიცებას. სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ამ ნაწილში არის ძალიან მნიშვნელოვანი დაცვის მხარისთვის. ეს იყო უმძიმესი ბრალდება და ამ უმძიმეს ბრალდებაში ჭანტურიას გამართლება არის სასამართლოს მიერ მიღებული კანონიერი გადაწყვეტილება“, – განაცხადა ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ პირველი არხის ეთერში.

რაც შეეხება განაჩენის მეორე ნაწილს, რომელიც შეეხება სსკ-ის 236-ე მუხლით გათვალისწინებულ ბრალდებას, ამ ნაწილში დაცვის მხარე სააპელაციო სასამართლოში საჩივარს წარადგენს.

გენერალ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე გიორგი ჭანტურია დააკავეს>>

სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს ბრალდების მხარეც. პროკურორ ლევან ჯალაღანიას განცხადებით, საქმეში არის მტკიცებულებები, რომლებიც მიუთითებენ იმაზე, რომ ქუთათელაძე სწორედ ჭანტურიას მოკლულია.

პროკურატურის მტკიცებით, ბრალდებულის ძალისხმევის შედეგად საქმეში არ არსებობს მკვლელობის იარაღი. მაგრამ არის მოწმეთა ჩვენებები, რომლებმაც დაინახეს, როგორ შევიდა ქუთათელაძე ბაზრის ადმინისტრაციის ოფისში ჭანტურიასთან ერთად.

გენერლის მკვლელობა - ყოფილ პროკურორს პასპორტი ჩამოართვეს და ღამით სეირნობა აუკრძალეს

„დაინახეს მოწმეებმა, თუ როგორ გამოვიდა ბრალდებული და დატოვა შემთხვევის ადგილი მანქანით. არის მოწმეთა ჩვენებები, თუ როგორ დაინახეს ბრალდებული, როგორ გამოვიდა და ხელში ეკავა იარაღი. ამის გარდა, იყო ვიდეოჩანაწერები, სადაც ჩანდა, რომ ბრალდებულს მკვლელობამდე ეცვა სხვა ტანისამოსი, შემდეგ გამოიცვალა და გადამალა ტანისამოსი მკვლელობის იარაღთან ერთად“, - განაცხადა პროკურორმა.

გამოძიების მტკიცებით, ჭანტურიამ მკვლელობა ქუთათელაძესთან ფინანსური უთანხმოების შემდეგ შურისძიების გამო ჩაიდინა.

რაც შეეხება თავად ბრალდებულს, ჭანტურია ამტკიცებს, რომ ქუთათელაძე მკვლელობამდე ერთი საათით ადრე ნახა, თუმცა არავითარი კონფლიქტი მათ შორის არ მომხდარა. მისი თქმით, მკვლელობის მომენტში ის ბანკში იმყოფებოდა და იქ შეიტყო დანაშაულის შესახებ - მას ჟურნალისტებმა დაურეკეს.

გენერალი ქუთათელაძე წარსულში საქართველოს პარლამენტის დეპუტატი იყო. იგი მეთაურობდა საქართველოს სამხედრო ძალების ეროვნულ გვარდიას.