რა პირობებში იმუშავებენ თეატრები და მუზეუმები საქართველოში – შემუშავდა რეკომენდაციები

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციები კულტურის ობიექტებს მუშაობის განახლებისთვის მომზადებაში დაეხმარება, თუმცა როდის მიიღებს მთავრობა მათი გახსნის გადაწყვეტილებას, ჯერ არ არის ცნობილი.
Sputnik

თბილისი, 12 ივნისი — Sputnik. ქვეყანაში კულტურისა და ხელოვნების ობიექტების შემოქმედებითი საქმიანობის განახლების მიზნით საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად შეიმუშავა საერთო რეკომენდაციები – როგორ შეძლებენ აღნიშნული ობიექტები კორონავირუსის პანდემიის პირობებში შემოქმედებითი და კულტურული ღონისძიებების ჩატარებას.

კორონავირუსი საქართველოში: საგანგებო მდგომარეობის შემდეგ შეზღუდვების სრული სია/21 ივლისი

როგორც განათლების სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული, ორგანიზაციებმა უნდა დაიცვან უსაფრთხოების ნორმები შემოქმედებითი საქმიანობისა და კულტურული ღონისძიებების ყველა ეტაპზე და შემუშავებული რეკომენდაციებით იხელმძღვანელონ.

რეკომენდაციები მოიცავს დეზინფექციის ჩატარებას და ჰიგიენის წესების დაცვას რეპეტიციებისა და სხვა შემოქმედებითი ღონისძიებების დროს, მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარებას ისეთი მასობრივი ღონისძიებებისთვის, როგორებიცაა სპექტაკლები და კონცერტები.

რეკომენდაციები კულტურის ობიექტების ადმინისტრაციას ავალდებულებს შენობებში თუ ტერიტორიაზე ხალხის ნაკადის გაკონტროლებას. ვიზიტორები ღონისძიებას შეიძლება დაესწრონ მხოლოდ ნიღბებით და დაიცვან სოციალური დისტანცია. დახურულ საგამოფენო დარბაზში ყოველ 5 კვადრატულ მეტრ ფართობზე მხოლოდ ერთი ვიზიტორი დაიშვება.

გიდის მომსახურების შემთხვევაში ექსკურსიის ხანგრძლივობა დახურულ სივრცეში არ უნდა აღემატებოდეს 1 საათს, ხოლო ვიზიტორთა ჯგუფში ადამიანების რაოდენობა 10-ს, იმ პირობით, რომ მათ შორის სოციალური დისტანცია იქნება დაცული.

რაც შეეხება თეატრების, ორკესტრების, სიმღერისა და ცეკვის ანსამბლების, საბალეტო დასების, ქოროებისა და სხვა შემოქმედებითი კოლექტივების დახურულ სივრცეში რეპეტიციების დროს გასათვალისწინებელ რეკომენდაციებს, ისინი უნდა ჩატარდეს წინასწარ შემუშავებული გრაფიკით და არაუმეტეს ათი ადამიანის მონაწილეობით. რეპეტიციის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს ორ საათს. ინტერვალი ცვლებს შორის 1-1,5 საათი უნდა იყოს.

სცენაზე ორკესტრის, გუნდის, მომღერალთა ანსამბლის გამოსვლისას დაცული უნდა იყოს ორმეტრიანი დისტანცია ან გუნდის საფეხურებრივი განლაგება დისტანციის დაცვით.

გია ყანჩელის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო ონლაინ-რეჟიმში გაიმართება

რეპეტიციები, კონცერტები და სპექტაკლები სასურველია ჩატარდეს მინიმალური რეკვიზიტების გამოყენებით. გამოყენებული რეკვიზიტები და მოწყობილობა დადგენილი წესით უნდა დამუშავდეს სადეზინფექციო ხსნარით. მსახიობებისთვის საგრიმიოროებსა და გასახდელებში ავეჯის განლაგებისას დაცული უნდა იყოს მანძილი. მსახიობების მიერ გამოყენებული კოსტიუმები და ნივთები ასევე უნდა დამუშავდეს სადეზინფექციო საშუალებებით.

ღია სივრცეებში ღონისძიებების ჩატარებისას ტერიტორია წინასწარ უნდა გაიწმინდოს და ჩაუტარდეს დეზინფექცია. მაყურებელთა შორის დაცული უნდა იყოს ორმეტრიანი დისტანცია და აუცილებლობის შემთხვევაში გამოყენებული იქნას დამცავი ბარიერები.

სცენა მაყურებელთა დარბაზიდან გამოყოფილი უნდა იყოს სპეციალური ბარიერით. სცენური მოწყობილობა და მიკროფონები კი დამუშავდეს სადეზინფექციო ხსნარით როგორც ღონისძიების დაწყებამდე, ისე მისი დასრულების შემდეგ.

ბილეთების გაყიდვისას უმჯობესია ელექტრონული სისტემის მაქსიმალურად გამოყენება, ბილეთების სალაროში შეძენისას კი თანხის პლასტიკური ბარათით გადახდა. მოლარე აღჭურვილი უნდა იყოს ხელთათმანებით, სალაროსთან კი მოთავსდეს ხელის სადეზინფექციო ხსნარი.

ღონისძიება უნდა ჩატარდეს ერთ მოქმედებად, ანტრაქტის გარეშე. მისი ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 3 საათს, მაყურებელთა მოსვლისა და წასვლის დროის ჩათვლით. ასევე არ არის რეკომენდებული ისეთი მომსახურების შეთავაზება, როგორიცაა კვება, ფურშეტი, რასაც პირდაპირი კავშირი არ აქვს ღონისძიებასთან.

„შემოქმედებითი აქტივობის განახლების მიზნით კულტურული ორგანიზაციებისთვის შეზღუდვების მოხსნის გადაწყვეტილება დამოკიდებული იქნება ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე. შემუშავებული რეკომენდაციები კულტურის სფეროს ორგანიზაციებს დაეხმარება გახსნასა და შემოქმედებითი ღონისძიებების ჩატარებაში უსაფრთხოების ყველა ნორმის დაცვით“, – აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.