კახეთის სოფლებს ძლიერმა სეტყვამ ზიანი მიაყენა

სტიქიამ სოფლებში ერთწლიანი ნათესები, ვენახების ნაწილი და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები დააზიანა, გარდა ამისა, დაიტბორა საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები და სარდაფები.
Sputnik

თბილისი, 12 ივნისი — Sputnik. სტიქიამ ყვარლის მუნიციპალიტეტის ორი სოფელი – შილდა და საბუე დააზარალა.

ადგილობრივების ინფორმაციით, აღნიშნულ სოფლებში წვიმა და სეტყვა რამდენჯერმე მოვიდა, რის შედეგადაც დაზიანდა ერთწლიანი ნათესები, ვენახების ნაწილი და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები. ამასთან, დაიტბორა რამდენიმე საცხოვრებელი სახლის ეზო და სარდაფი.

საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხის“ ინფორმაციით, ძლიერმა ქარმა ყვარელი-ლაგოდეხის დამაკავშირებელ ცენტრალურ მაგისტრალზე ხეები წააქცია. ადგილზე მობილიზებული იყვნენ სამაშველო ბრიგადები, რომლებმაც გზა მალევე გაწმინდეს.

სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის ოდენობა ჯერჯერობით უცნობია.