„ეს ჩვენთვის რთული მომენტია" – თბილისის ზოოპარკის დირექტორი 13 ივნისის ტრაგედიას იხსენებს

თბილისის ცენტრში რამდენიმე წლის წინ სტიქიისგან პრაქტიკულად განადგურებული ზოოპარკი თითქმის სრულადაა აღდგენილი და დამთვალიერებელს მასპინძლობს, მაგრამ მალე ახალ, უფრო ვრცელ და უსაფრთხო ადგილზე დაიდებს ბინას.
Sputnik

თბილისი, 12 ივნისი – Sputnik. თბილისის ზოოპარკის დირექტორმა ზურაბ გურიელიძემ 2015 წლის 13 ივნისის ტრაგედია გაიხსენა, როდესაც თბილისში დამანგრეველი წყალდიდობა მოხდა, და ზოოპარკის უახლოეს მომავალზე სპეციალურ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

იმ ტრაგიკულ დღეს, 13 ივნისს ადიდებულმა მდინარე ვერემ დატბორა საცხოვრებელი სახლები, ზოოპარკი, „მზიურის" პარკი, თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების კერძო თავშესაფარი და ასევე მოშალა ქალაქის ინფრასტრუქტურა. სტიქიამ 21 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, ორი ადამიანი კი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება. დაიღუპა დაახლოებით 300 ცხოველი.

კარანტინი დასრულებულია: თბილისის ზოოპარკი დამთვალიერებლებისთვის ღიაა

„არაფერი განსაკუთრებული ხვალ არ იქნება, რადგან ეს ნებისმიერი ჩვენი თანამშრომლისთვის ძალიან რთული მომენტია. ჩვენ ვცდილობთ ყურადღება არ გავამახვილოთ იმაზე, რაც მოხდა. ჩვენი ამოცანა ზოოპარკის აღდგენაა. ყოველ წელს ახალი ვოლიერების გახსნით აღვნიშნავთ, მაგრამ წელს პანდემიის გამო ცოტათი დავიგვიანეთ", – განაცხადა გურიელიძემ.

მისი სიტყვებით, ტრაგედიის შემდეგ დაიწყო ძველი ზოოპარკის აღდგენის პროცესი. დაიწყო ცხოველების შემოყვანა, რომლებიც თბილისის ზოოპარკს ევროპის ზოოპარკებმა საჩუქრად გადმოსცეს. ამავდროულად თბილისის ზღვაზე დაიწყო ახალი ზოოპარკის მშენებლობა, სადაც კავკასიაში გავრცელებული სახეობების მოძიება და შეგროვებაც არის დაგეგმილი. როგორც გურიელიძემ აღნიშნა, კავკასიის არც ერთი ზოოპარკში აღნიშნული სახეობები ასე ფართოდ არ არის წარმოდგენილი და ეს მათი სავიზიტო ბარათი უნდა გახდეს.

გურიელიძის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ პანდემიამ გარკვეული ინფრასტრუქტურული პროექტები შეაფერხა, შორს არ არის დღე, როდესაც ახალი ზოოპარკი თბილისის ზღვაზე დამთვალიერებელს გაუღებს კარს.

„როდესაც კავკასიური ექსპოზიციის დიდი ნაწილი შეივსება და გარკვეული ინფრასტრუქტურა შეიქმნება, შესაძლებელი გახდება ახალი ზოოპარკის გახსნა", – აღნიშნა გურიელიძემ.