თბილისი, 12 ივნისი — Sputnik. აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა დემოკრატიული პარტიიდან ჯო ბაიდენმა გაავრცელა ღია წერილი, რომლითაც Facebook-სგან დონალდ ტრამპის წინააღმდეგ ზომების მიღებას მოითხოვს.
პრეზიდენტობის კანდიდატი მოუწოდებს სოციალურ ქსელს, შეიმუშაოს მკაფიო წესები, რომლებიც ყველას შეეხება, მათ შორის დონალდ ტრამპსაც, და რაც შეაჩერებს მუქარისა და დეზინფორმაციის გავრცელებას.
„Facebook-ი უფლებას აძლევს დონალდ ტრამპს, თქვას რაც სურს და გადაიხადოს [რეკლამისთვის], რათა მისმა განცხადებებმა მილიონობით ამომრჩევლამდე მიაღწიოს... ტრამპი და მისი მოკავშირეები Facebook-ს შიშისა და ხმის მიცემის თაობაზე დეზინფორმაციის გავრცელებისთვის იყენებენ“, — წერს ბაიდენი მიმართვაში.
პასუხად სოციალურმა ქსელმა განაცხადა, რომ აშშ-ში წესებს დემოკრატიულად არჩეული სახელმწიფო წარმომადგენლები ქმნიან.
„წესები ხალხის მიერ არჩეულმა წარმომადგენლებმა უნდა დაადგინონ, ჩვენ კი შევასრულებთ ამ წესებს. ნოემბერში არჩევნები გველის და ჩვენ დავიცავთ პოლიტიკურ გამონათქვამებს იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათ კატეგორიულად არ ვეთანხმებით“, — განაცხადეს Facebook-ში.
გარდა ამისა, სოციალურმა ქსელმა შეახსენა ბაიდენს, რომ სოციალურ ქსელთან დონალდ ტრამპსაც აქვს პრეტენზიები.
აღსანიშნავია, რომ დაახლოებით ორი კვირის წინ პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას ქვეყნის ტერიტორიაზე სოციალური ქსელების საქმიანობის რეგულაციის შესახებ. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც Twitter-მა მისი ორი პოსტი საეჭვოდ, არასანდო ინფორმაციად მონიშნა.
ბრძანებულებაზე ხელის მოწერის წინ ოვალურ კაბინეტში გამართულ ბრიფინგზე პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ამ ნაბიჯით ის „სიტყვის თავისუფლებას იცავს ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული საფრთხისგან, რომელსაც ოდესმე ჰქონია ადგილი ამერიკის ისტორიაში“.