COVID-19 - ბოლო ცნობები

შეიქმნა COVID-19-ის გავრცელების კლიმატური რუკა: კავკასია ზამთარში რისკის ზონაშია

მეცნიერებს იმედი აქვთ, რომ ქვეყნების ხელისუფლებები მხედველობაში მიიღებენ მათ კვლევას და ვირუსის გავრცელების პროგნოზირების მოდელების შესაქმნელად გამოიყენებენ.
Sputnik

თბილისი, 12 ივნისი — Sputnik. მერილენდის უნივერსიტეტის (აშშ) სამედიცინო ფაკულტეტის მეცნიერებმა ახალი ტიპის კორონავირუსის გავრცელებასა და კლიმატურ პირობებს შორის კავშირი დაადგინეს და სპეციალური რუკა შექმნეს, რომელიც აჩვენებს, სად და როდის შეიძლება იფეთქოს ინფექციამ, წერს გამოცემა Daily Mail.

​გავრცელებული ინფორმაციით, მკვლევარებმა მსოფლიოს რვა ქალაქი, რომლებშიც ყველაზე მეტად გავრცელდა COVID-19, იმ 42 ქალაქს შეადარეს, სადაც დაავადებულთა რაოდენობა ძალიან დაბალია.

პირველ კატეგორიაში შევიდა ქალაქები: ტეგუ (სამხრეთ კორეა), კომი (ირანი), მილანი, პარიზი, მადრიდი, სიეტლი, უჰანი და ტოკიო. 

შემოდგომაზე მეორე ტალღა შეიძლება არც დადგეს: დასახელდა მიზეზი

სწავლულები აცხადებენ, რომ ამინდის პროგნოზის ევროპული ცენტრის მონაცემებით, ამ ქალაქებში იანვარი-მარტის პერიოდში მსგავსი კლიმატური სურათი იყო: ჰაერის ტემპერატურა 4–9 გრადუსს შორის მერყეობდა, დაბალი ტენიანობის ფონზე.

„აღნიშნული იმაზე მეტყველებს, რომ კორონავირუსი ისეთი სეზონური რესპირატორული ვირუსის მსგავსად იქცევა, როგორიცაა გრიპი: ის პიკს ცივ ამინდში აღწევს, ხოლო თბილ სეზონზე იღუპება“, — აცხადებს მერილენდის უნივერსიტეტის ვირუსოლოგიის პროფესორი მოჰამად საჯადი.   

გამომდინარე მიღებული შედეგებიდან, ანუ კორონავირუსის გავრცელებასა და კლიმატურ სურათს შორის კავშირიდან, მეცნიერები აცხადებენ, რომ ზამთარში კორონავირუსის გავრცელების მაღალი რისკი არსებობს ისეთი ტერიტორიებისთვის, როგორებიცაა: კავკასია, ცენტრალური აზია, აღმოსავლეთი და ცენტრალური ევროპა, დიდი ბრიტანეთი, აშშ-ის ჩრდილო–აღმოსავლეთი და დასავლეთი, ასევე ბრიტანეთის კოლუმბია.

პროფესორი საჯადი იმედოვნებს, რომ ქვეყნების ხელისუფლებები მხედველობაში მიიღებენ მათ კვლევას და ვირუსის გავრცელების პროგნოზირების მოდელების შესაქმნელად გამოიყენებენ. ეს შესაძლებელს გახდის, წინასწარ მოემზადონ ეპიდემიის აფეთქებისთვის და შეამცირონ დაავადებების შემთხვევები.