სპორტსმენებმა თბილისში სპორტდარბაზების გახსნის მოთხოვნით აქცია გამართეს

აქციის მონაწილეებს სურთ  ჯანსაღი წესით ცხოვრება და ამისათვის მათ სპორტდარბაზებში ვარჯიშის ნებართვა სჭირდებათ
Sputnik

თბილისი, 11 ივნისი - Sputnik. თბილისში რუსთაველის გამზირზე სპორტსმენების აქცია გაიმართა - ისინი მიმართავენ მთავრობას, სპორტულ დარბაზებსა და ფიტნეს-კლუბებს მუშაობის ნებართვა მისცეს.

საპროტესტო აქციის ერთ-ერთი მონაწილის, გიორგი ვასაძის თქმით, ქვეყანას სჭირდება ჯანსაღი თაობა, ამიტომ მთავრობას მიმართავენ თხოვნით, სპორტდარბაზებში ვარჯიშის ნებართვა მისცეს.

„დღეს ახალგაზრდა ბიჭები სპორტის სამინისტროდან მოვიდნენ, აგვიხსნეს წესები და გვითხრეს, რომ შეხვედრა ხვალ სპორტის სამინისტროში გვექნება იმ ადამიანებთან, ვინც კონკრეტულად ამ საკითხზე მუშაობს. ჩვენ, ახალგაზრდები, ვითხოვთ ძალიან მარტივ რამეს. ვიცხოვროთ ჯანსაღი ცხოვრების წესით და მოგვცენ შესაძლებლობა, რომ სპორტდარბაზებში ვივარჯიშოთ“, - განაცხადა გიორგი ვასაძემ.

ქართული კვესტი: როგორ უნდა გადალახოს კრიზისი გართობის სფერომ

საქართველოში, საგანგებო მდგომარეობის შემდეგ ბევრი შეზღუდვის მოხსნის მიუხედავად, გარკვეული შეზღუდვები ჯერ კიდევ არსებობს.

კერძოდ, არ შეიძლება ათზე მეტი პირის შეკრება სოციალურ ღონისძიებებზე (ქორწილი, ქელეხი, იუბილე და ა.შ.), აკრძალულია კაზინოების, აუზების და სპორტდარბაზების მუშაობა. ასევე აკრძალულია სპორტული და კულტურული ღონისძიებების გამართვა.

დღეისათვის, მთავრობის დადგენილების თანახმად, არსებული შეზღუდვები, მათ შორის პირბადეების სავალდებულო ტარება, 15 ივლისამდე მოქმედებს.