სასამართლომ გიორგი რურუა პატიმრობაში დატოვა

ოპოზიციაში გიორგი რურუას, რომელიც იარაღის უკანონო შენახვის ბრალდებით არის დაკავებული, პოლიტპატიმრად მიიჩნევენ
Sputnik

თბილისი, 11 ივნისი - Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებაში ბრალდებული გიორგი რურუა პატიმრობაში დატოვა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

საქართველოს ოპოზიციურმა პარტიებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს

გიორგი რურუას ადვოკატები ბრალდებულისთვის პატიმრობის შეცვლას 10 000 ლარიანი გირაოთი ითხოვდნენ. მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

გიორგი რურუა გასული წლის 18 ნოემბერს დააკავეს. გამოძიება რურუას სსკ-ის 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავება, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

გიორგი რურუას ოპოზიციაში პოლიტპატიმრად მიიჩნევენ. მთავრობაში მისი გათავისუფლების მოთხოვნები მიუღებლად მიაჩნიათ. პრემიერმა გიორგი გახარიამ რურუას გათავისუფლების შესახებ საუბრებს „საქართველოს მართლმსაჯულების სისტემაში პირდაპირი ჩარევა“ უწოდა.

საკონსტიტუციო ცვლილებების საჯარო განხილვა: რა საკითხებზე შეთანხმდნენ მხარეები >>

ოპოზიცია აცხადებს, რომ სწორედ რურუას გათავისუფლება არის საარჩევნო სისტემის რეფორმაში იმ საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერის პირობა, რომელთა გათვალისწინებით უნდა გაიმართოს 2020 წლის შემოდგომაზე საპარლამენტო არჩევნები.