დღევანდელი მოცემულობით ექსპერტები ხუთ პოლიტიკურ ძალას უწინასწარმეტყველებენ პარლამენტში მოხვედრას: „ქართულ ოცნებას“, „ნაციონალურ მოძრაობას“, „ლელოს“, „პატრიოტთა ალიანსს“ და ბოკერია-ბაქრაძის „ევროპელ დემოკრატებს“.
დანარჩენი პარტიებისთვის მშვენიერი სატყუარა შემოვიდა 1-პროცენტიანი ბარიერის სახით.
ბუნებრივია, ყველა მეტ-ნაკლებად ცნობილი პოლიტიკოსი თვლის, რომ 15 ათასი ხმის შეგროვება უნდა შეძლოს. ეს ბევრად ნაკლებია, ვიდრე, მაგალითად, მაჟორიტარული ოლქის ხმების ნახევარი. თუ პარტია 15 ათას ხმას ვერ მიიღებს, ბუნებრივია, პოლიტიკაში მონაწილეობაზე უარი უნდა თქვას. ეს დააანონსა კიდეც ეკა ბესელიამ. ის არავისთან გაერთიანებას არ აპირებს და ამბობს, რომ თუ პარტიამ ბარიერი ვერ გადალახა, პოლიტიკიდან წავა. სავარაუდოდ, ის ისევ ადვოკატურაში გააგრძელებს საქმიანობას და არცთუ წარუმატებლად.
ახლახან ასპარეზზე კიდევ ერთი პარტია გამოჩნდა – საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ყოფილი გუნდი პარლამენტში. მათ გასულ კვირაში პარტიაც შექმნეს „ჩვენი საქართველო – სოლიდარობის ალიანსი" და თავმჯდომარედ ბექა ნაცვლიშვილი აირჩიეს. ცოტა გაუგებარია, მემარჯვენე კვირიკაშვილის მეგობრები რამდენად იზიარებენ მემარცხენე ნაცვლიშვილის „ხალხოსნურ“ იდეებს, მაგრამ თუ კარგად იმუშავებენ და საპარლამენტო ტრიბუნას ეფექტურად გამოიყენებენ, ბუნებრივია, შესაძლოა ბარიერი გადალახონ. ისე კი ყველაფერი „ტვ-ხელისუფლებასა“ და ფულზეა დამოკიდებული, თორემ ბუზი ბაღდადიდანაც მოვა...
პარლამენტში 2-დან 7 კაცამდე გაყვანის იმედი აქვს „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერს კახა კუკავას. ბუნებრივია, სერიოზულად ემზადება „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძეც, რომლის სიის პირველი ნომერი, მასმედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ანზორ ბიწაძე იქნება.
რაც შეეხება ალეკო ელისაშვილის „სამოქალაქო მოძრაობას“, უკვე ცხადია, რომ ის გაერთიანებულ ოპოზიციაში მოიაზრება და მას მხარს თბილისის ერთ-ერთი ოლქის მაჟორიტარად დაუჭერენ. თქვა კიდეც ირაკლი ოქრუაშვილმა, თავად კენჭისყრაზე უარს ვამბობ და მხარს ელისაშვილსა და ელენე ხოშტარიას ვუჭერო.
სერიოზული დაპირისპირებაა გაერთიანებულ ოპოზიციაში ნაციონალებსა და ბოკერიას დაჯგუფებას შორის, მაგრამ მივა თუ არა ეს განხეთქილებამდე და მოლაპარაკების ფორმატის დაშლამდე, ამას დრო აჩვენებს.
კონკურსს გამოეთიშნენ „რესპუბლიკელები“, რომლებიც ალბათ უფრო აჭარაზე გააკეთებენ აქცენტს. გაერთიანებული ოპოზიცია თბილისის მაჟორიტარების დასახელებას 20 ივნისის აქციაზე გეგმავს.
ხელისუფლებაში მიმდინარე ორომტრიალის ფონზე ნაკლებად სავარაუდოა, რომ ივლისის ბოლომდე გაირკვეს ოცნების 30 რჩეულის ვინაობა.
როგორც არ უნდა იყოს, ფაქტია, 2020-ის არჩევნები ერთ-ერთი ყველაზე დაძაბული და კონკურენტული იქნება საქართველოს უახლეს ისტორიაში.