თბილისი, 11 ივნისი - Sputnik. მოსკოვი მადლობელია საქართველოსი ნიგერიიდან სამი რუსი მეზღვაურის ჩამოყვანის გამო და ჰუმანიტარული ურთიერთქმედების გაგრძელებას ელოდება, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ.
„მინდა ვისაუბრო თბილისთან წარმატებული ურთიერთქმედების და რუსეთის მოქალაქეების სახლში დაბრუნების შესახებ. მადლობელი ვართ ქართული მხარის ნიგერიიდან სამი მოქალაქის, მეზღვაურების ევაკუაციისას გაწეული დახმარებისთვის. მათი კონტრაქტი დასრულდა, რუსეთსა და ნიგერიას შორის რეგულარული ავიამიმოსვლა შეწყდა, ამ მომენტისათვის ამ ქვეყნიდან დასაბრუნებელი რეისი არ განიხილებოდა. ქართველი კოლეგების თანხმობამ აეყვანათ რუსეთის მოქალაქეები თავიანთ ბორტზე მისცა მათ საშუალება 7 ივნისს დაბრუნებულიყვნენ ლაგოსიდან თბილისში, სადაც მათ შვეიცარიის საელჩოში არსებული რუსეთის ინტერესთა სექციის წარმომადგენლები დახვდნენ, რომლებმაც ისინი ქართულ-რუსულ საზღვარზე ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე გადაიყვანეს. ამ დროისათვის სამივე პირი თავის მუდმივ საცხოვრებელ მისამართზე იმყოფება“, - განაცხადა ზახაროვამ ბრიფინგზე.
მისი თქმით, მსგავსი სახის ურთიერთქმედება ერთჯერადი არ ყოფილა. კერძოდ, თბილისი დაეხმარა ორი ქალბატონის დაბრუნებაში, რომლებიც მკურნალობას თურქეთში გადიოდნენ, ასევე რუსეთის მოქალაქეებს, რომლებიც სომხეთიდან ტრანზიტულად ბრუნდებოდნენ, ასევე კორონავირუსის გამო გაყოფილი რუსული ოჯახის გაერთიანებაში და ზოგადად, საქართველოდან რუსეთის მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნებაში.
ზახაროვამ მადლობა გადაუხადა საქართველოს საგარეო უწყებას, მოსკოვში საქართველოს ინტერესთა სექციას, ასევე თბილისში შვეიცარიის საელჩოს, რომლებიც, მისი თქმით, „რუსეთის მოქალაქეების ევაკუაციასთან დაკავშირებულ საორგანიზაციო პრობლემებზე გადაწყვეტილებების კოორდინაციას ეფექტურად უზრუნველყოფდნენ“.
ზახაროვამ ასევე აღნიშნა, რომ რუსეთიც თავის მხრივ ეხმარებოდა საქართველოს მოქალაქეებს.
„ასეთი მაგალითი გვქონდა ბრაზილიაში, როდესაც საქართველოს და რუსეთის მოქალაქეებმა ოჯახი შექმნეს, აღმოჩნდნენ ბრაზილიაში, მათ ესაჭიროებოდათ დახმარება დაბრუნებაში და ჩვენ ვეხმარებოდით ამ ოჯახს, საქართველოს მოქალაქეებს ისევე, როგორც ჩვენს მოქალაქეებს. ეს შესანიშნავი მაგალითებია, რომელთა მსგავსად ბევრი პრობლემის გადაჭრას შევძლებთ“, - აღნიშნა მან.
მან ხაზი გაუსვა ჰუმანიტარული ურთიერთქმედების მნიშვნელობას, „რუსეთსა და საქართველოს შორის რთული პოლიტიკური სიტუაციის მიუხედავად“.
„მნიშვნელოვანია, რომ ჰუმანიტარული ურთიერთქმედება შედგა, რუსეთსა და საქართველოს შორის რთული პოლიტიკური სიტუაციის მიუხედავად. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ეს სწორი მაგალითია იმისა, როგორ უნდა ვიმოქმედოთ, როდესაც საერთო უბედურება გვეწვევა. კარგი იქნებოდა არ დაველოდოთ შემდეგ უბედურებას, არამედ ეს გამოცდილება ყოველდღიურობაში სრულად გამოვიყენოთ. ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ეს გამოცდილება არ დაიკარგება კორონავირუსის პანდემიის დასრულების შემდეგაც“, - ხაზგასმით აღნიშნა ზახაროვამ.