თბილისი, 11 ივნისი — Sputnik. უნივერსიტეტების მცდელობა, გაასახლონ უცხოელი სტუდენტები ზაფხულში საერთო საცხოვრებლებიდან, დაუშვებელია, აცხადებენ რუსეთის ფედერალურ სააგენტო „როსსოტრუდნიჩესტვოში“.
სააგენტოში კომენტარი გააკეთეს ინტერნეტით გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ რუსეთის ზოგი უმაღლესი სასწავლებელი უცხოელი სტუდენტებისგან საერთო საცხოვრებლის დაცლას მოითხოვს ივნისის ბოლომდე. სააგენტოს პრეს-სამსახურში აღნიშნეს, რომ სტუდენტების იძულებით გასახლება დაუშვებელია. მათი თქმით, უნივერსიტეტებმა „პასუხისმგებლიანი ყურადღება“ უნდა გამოიჩინონ უცხო ქვეყნების მოქალაქეების მიმართ, რომლებსაც კორონავირუსული პანდემიის გამო სამშობლოში დაბრუნების საშუალება არ აქვთ.
„უცხოელი სტუდენტების გასახლება საერთო საცხოვრებლებიდან მიუღებელია და ჩვენ ამაში სრულად ვუჭერთ მხარს რუსეთის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, სამინისტრომ გარკვეული ხნის წინ დაგზავნა წერილები რუსეთის უნივერსიტეტებში იმის თაობაზე, რომ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება უცხოელი სტუდენტების გასახლება, რომლებიც, ობიექტური მიზეზების გამო, იძულებული არიან დარჩნენ რუსეთში“, — განუცხადა Sputnik-ს სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილემ პაველ შევცოვმა.
მისი თქმით, უცხოელი სტუდენტების გასახლება საერთო საცხოვრებლიდან ზიანს მიაყენებს რუსეთის — როგორც საგანმანათლებლო სახელმწიფოს იმიჯს, ამიტომ სააგენტო განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად „ყველა ღონეს იხმარს, რომ სტუდენტები ქუჩაში არ დარჩნენ და მშვიდად იცხოვრონ საერთო საცხოვრებლებში“.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის მარტში განათლების მინისტრმა ვალერი ფალკოვმა ონლაინ–შეხვედრა ჩაატარა უნივერსიტეტების რექტორებთან, რა დროსაც მოუწოდა მათ, არ შეექმნათ პრობლემები იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც შინ დაბრუნებას მოისურვებდნენ, და იმავდროულად გაეთვალისწინებინათ ის ფაქტიც, რომ ზოგ მათგანს შესაძლოა უარი ეთქვა გამგზავრებაზე ფინანსური პრობლემებისა თუ სხვა მიზეზების გამო.