მსოფლიო დღეს

აფროამერიკელებისთვის გამოცდის გამარტივებაზე უარისთვის პროფესორი სამსახურს ჩამოაშორეს

გამოცემა წერს, რომ უარის შემდეგ პროფესორის ოჯახმა რამდენიმე მუქარა მიიღო, რის შემდეგაც პოლიციამ მისი სახლი კონტროლქვეშ აიყვანა.
Sputnik

თბილისი, 11 ივნისი — Sputnik. კალიფორნიის უნივერსიტეტის პროფესორი გორდონ კლაინი სამსახურს ჩამოაშორეს მას შემდეგ, რაც მან უარი თქვა გაემარტივებინა აფროამერიკელებისთვის გამოცდების ჩაბარება, იუწყება The Daily Mail.

​გავრცელებული ინფორმაციით, პროფესორ კლაინს, რომელიც 39 წლის განმავლობაში კითხულობდა ლექციებს, ჯორჯ ფლოიდის სიკვდილის შემდეგ „შავკანიანების არაშავკანიანმა მოკავშირეებმა“ წერილი გაუგზავნეს თხოვნით, გამოეჩინა განსაკუთრებული დამოკიდებულება აფროამერიკელების მიმართ ონლაინ–კურსის საფინალო შეფასებისას — კერძოდ, გაემარტივებინა გამოცდა ან გაეხანგრძლივებინა საკვალიფიკაციო სამუშაოების დედლაინი. საფუძვლად დასახელებული იყო არგუმენტი, რომ სტუდენტების ნაწილი ქუჩის აქციებით იყო დაკავებული. 

გამოცემა წერს, რომ პროფესორმა უარი თქვა მოთხოვნაზე და საკუთარი პოზიცია შავკანიანების უფლებების უმთავრესი დამცველის მარტინ ლუთერ კინგის სიტყვებით გაამყარა – რომ ადამიანებისადმი დამოკიდებულება არ უნდა განისაზღვრებოდეს კანის ფერის მიხედვით.

გარდა ამისა, გორდონ კლაინი საპასუხი წერილში წერდა, რომ მან არც კი იცის, რომელია მისი სტუდენტებიდან შავკანიანი.

„და როგორ მოვიქცეთ, თუ სტუდენტი შერეული წარმომავლობისაა, მაგალითად, ნახევრად აფროამერიკელი და ნახევრად აზიელი?.. სრული შეღავათი დავაწესო თუ მხოლოდ სანახევრო?“ — მისწერა პროფესორმა წერილის ავტორებს.

სტუდენტებმა კლაინის წერილი ინტერნეტით გამოაქვეყნეს და პეტიცია შექმნეს უნივერსიტეტის ხელმძღვანელობის სახელზე, გაეთავისუფლებინათ კლაინი სამსახურიდან.

მიმართვას ხელი 20 ათასმა სტუდენტმა მოაწერა. შედეგად – უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ გორდონ კლაინი სამი კვირით ჩამოაშორა სამსახურს „დამცინავი წერილის“ გამო.

გამოცემა წერს, რომ ამის შემდეგ პროფესორის ოჯახმა რამდენიმე მუქარა მიიღო, რის შემდეგაც პოლიციამ მისი სახლი კონტროლქვეშ აიყვანა.