თბილისი, 11 ივნისი – Sputnik. მომღერალმა ლელა წურწუმიამ რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ გადაწყვიტა საყვარელ საქმიანობას დაუბრუნდეს და ჯგუფ „ნონ სტოპთან” ერთად პირველი რეპეტიციაც გამართა.
ელეგანტური, ეშხიანი, განსაკუთრებული ტემბრისა და ხმის მქონე მომღერალი წლებია პოპულარობას არ კარგავს. უშუქობაში დაწერილი სიმღერები დღემდე ჰიტია. მისი შემოქმედება ლელა წურწუმიას ქალიშვილის თანატოლებმაც კი ზეპირად იციან და ყოველ სოლო კონცერტს დიდი ინტერესით ელოდებიან. საქართველოში ერთადერთი ქალი შემსრულებელია, რომელმაც სოლო-კარიერის მანძილზე 12 ალბომი გამოუშვა.
ბნელი 90-იანების დასაწყისში დაწყებული ბრწყინვალე კარიერა დღემდე წარმატებით მიმდინარეობს. ლელა წურწუმია ყველაზე მაღალანაზღაურებადი ქართველი მომღერალია, რომლის კარიერაც 1991 წელს დაიწყო. ლელა 1969 წლის 12 თებერვალს თბილისში, მხატვრის ოჯახში დაიბადა. ჰყავს დედა, ორი და, მეუღლე და ქალიშვილი მარიკო მამულაშვილი.