„ფაქტობრივად, ოთხი ახალი კლასტერია": რას უფრთხის გახარია

გიორგი გახარიამ მოსახლეობას გონიერებისა და სიფრთხილისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა, რათა ქვეყანამ არ დაკარგოს და შეინარჩუნოს ის მიღწევები, რაც ეპიდემიოლოგიური კუთხით აქვს.
Sputnik

თბილისი, 11 ივნისი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ შემაშფოთებელი უწოდა იმ ფაქტს, რომ ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში გამოვლენილი კორონავირუსის ექვსი ახალი შემთხვევიდან ოთხის ინფიცირების წყარო უცნობია.

საქართველოში ბოლო 24 საათში ვირუსის ექვსი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, მათგან ოთხი არ ფლობს ინფორმაციას, თუ სად და როდის დაინფიცირდნენ.

„ინფიცირების ექვსი ახალი შემთხვევა გვაქვს. ეს ბევრი არ არის, თუმცა უკიდურესად საგანგაშოა ის ფაქტი, რომ ამ ექვსი ახალი შემთხვევიდან ოთხის წარმომავლობა დღეის მდგომარეობით არ არის ცნობილი. ამ ოთხი ინფიცირების შემთხვევიდან, რომლის წყაროს დადგენაც ვერ ხერხდება, სამი თბილისშია", – განაცხადა გახარიამ მთავრობის სხდომაზე.

თუ გგონიათ რომ „გჩიპავენ", ვაქცინას ნუ გაიკეთებთ: იმნაძე მოსახლეობას

პრემიერის სიტყვებით, საზოგადოებას უნდა ესმოდეს, რომ ეკონომიკის გახსნამ, შეზღუდვების გაუქმებამ, რაც ჩვენს მოქალაქეებს შესაძლებლობას აძლევს გააგრძელონ ჩვეული ეკონომიკური საქმიანობა, იმის ილუზია არ უნდა შექმნას, რომ ვირუსი დავამარცხეთ. მისი თქმით, ინფიცირების ოთხი ახალი შემთხვევა, რომლის წყაროს დადგენაც ვერ ხერხდება, მეტყველებს იმაზე, რომ შეიძლება მოხდეს რაღაც გაუთვალისწინებელი.

„ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ინფიცირების ოთხი ახალი შემთხვევა, რომლის წყაროც დღეის მდგომარეობით დაუდგენილია, არის დიდი რისკის შემცველი. ეს, ფაქტობრივად, ოთხი ახალი "კლასტერია", რომლის შესახებაც ჩვენ წარმოდგენა არ გვაქვს საიდან, როდის ან სად მოხდა ეს ინფიცირება, რაც, რა თქმა უნდა, საგანგაშოა", – აღნიშნა გახარიამ.

გიორგი გახარიამ მოსახლეობას გონიერებისა და სიფრთხილისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა, რათა ქვეყანამ არ დაკარგოს და შეინარჩუნოს ის მიღწევები, რაც ეპიდემიოლოგიური კუთხით აქვს, განსაკუთრებით იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ 15 ივნისიდან ქვეყანაში შიდა ტურიზმი იხსნება.

„მინდა აღვნიშნო, რომ თითოეული ჩვენგანი, თითოეული ბიზნეს-ოპერატორი, თითოეული მოქალაქე უნდა იყოს განსაკუთრებულად ფრთხილად. როგორც იცით, ევროკავშირშიც არ არის მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება, როგორ მოხდება შიდა გადაადგილება, ან როგორი იქნება მესამე ქვეყნებთან ტურისტული ნაკადების მართვის თვალსაზრისით ევროკავშირის მიდგომა“, – აღნიშნა გახარიამ.

გახარიას თქმით, საქართველო ელოდება ევროკავშირის გადაწყვეტილებას და ამის შემდეგ ქვეყანა გადაწყვეტილებას მიიღებს „მწვანე ზონების“ შესახებ ორმხრივი შეთანხმების ეტაპობრივი რეალიზაციის შესახებ, რომელზეც აქტიურად მუშაობენ საგარეო საქმეთა და ჯანდაცვის სამინისტროები.