მსოფლიო დღეს

შემოდგომაზე მეორე ტალღა შეიძლება არც დადგეს: დასახელდა მიზეზი

იტალიის უმსხვილესი კერძო კლინიკის ვირუსოლოგიის ლაბორატორიაში ირწმუნებიან, რომ კორონავირუსი საგრძნობლად შესუსტდა, რასაც სხვა ქვეყნებიდან მიღებული მონაცემებიც ადასტურებს.
Sputnik

თბილისი, 11 ივნისი — Sputnik. ბოლო სამეცნიერო კვლევები ადასტურებს, რომ კორონავირუსი სუსტდება, რაც იძლევა იმედს, რომ COVID-19-ის მეორე ტალღა შემოდგომაზე არ იქნება, განაცხადა სააგენტო РИА Новости-სთან საუბრისას იტალიელმა ვირუსოლოგმა, მილანის უნივერსიტეტ Vita-Salute San Raffaele-ს პრორექტორმა მასიმო კლემენტიმ. 

კორონავირუსის მეორე ტალღა – როგორ მოვემზადოთ

„ჩვენმა ექიმებმა ჯერ კიდევ მაისში შენიშნეს დაავადების სიმწვავის პროგრესირებადი კლება. ამასთან, იკლებდა არა მარტო დაავადებულთა რაოდენობა, არამედ ისეთი პაციენტების რიცხვიც, რომლებსაც ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში ესაჭიროებოდათ მკურნალობა... იმავდროულად გაიზარდა ინფიცირებულთა რაოდენობა, რომელთა მკურნალობაც სახლის პირობებში იყო შესაძლებელი“, — აღნიშნა პროფესორმა.

კლემენტის თქმით, კლინიკური სურათის ესოდენ სერიოზული შეცვლა მეცნიერულ ახსნას მოითხოვდა, რითიც იტალიის უმსხვილესი კერძო სამკურნალო დაწესებულების, ჰოსპიტალ San Raffaele-ის მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ლაბორატორია დაკავდა.

„ჩვენ ჩავატარეთ მცირე კვლევა, რა დროსაც ერთმანეთს შევადარეთ საავადმყოფოში მარტის პირველ ორ კვირაში და მაისის ბოლოს შემოსული 100 პაციენტი. გაირკვა, რომ ვირუსული დატვირთვა ეპიდემიის საწყის ეტაპზე ათჯერ მაღალი იყო, ვიდრე მაისის ბოლოს. ამ შედეგს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს“, — ხაზი გაუსვა მეცნიერმა.

კლემენტის თქმით, ვირუსული დატვირთვის აშკარა შესუსტება, სავარაუდოდ, იმაზე მეტყველებს, რომ კორონავირუსი სუსტდება.

ამასთან მეცნიერი ამბობს, რომ ვირუსის შესუსტების ფაქტს ასევე ადასტურებს სხვა ქვეყნებიდან მიღებული მონაცემებიც, რომლებიც ეპიდემიის სხვადასხვა ეტაპზე იმყოფებიან.