როდის გამოიცვლება თბილისში „ყვითელი მარშრუტკები“

კომპანია „თბილისის მიკროავტობუსი“ დედაქალაქში 2011 წლიდან ფუნქციონირებს და მას შემდეგ ავტოპარკი არ შეცვლილა.
Sputnik

თბილისი 10 ივნისი – Sputnik. უახლოეს პერიოდში თბილისის მერია ახალი მიკროავტობუსების შესყიდვაზე ტენდერს გამოაცხადებს. ამის შესახებ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე ქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

მერის განცხადებით, პირველ ეტაპზე დაახლოებით 300 ერთეულ სამარშრუტო მიკროავტობუსს შეისყიდიან.

თბილისში ტრანსპორტი გაძვირდება? კალაძის პასუხი

„მთლიანად მოხდება მიკროავტობუსების ჩანაცვლება, რაც, ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია“, – აღნიშნა კალაძემ.

ამჟამად თბილისელებს დაახლოებით 1,8 ათასი მიკროავტობუსი ემსახურება. სამარშრუტო ტაქსებით დღეში, ჩვეულებრივ, 600 ათასზე მეტი ადამიანი სარგებლობს.

მიკროავტობუსით მგზავრობა თბილისში 80 თეთრი ღირს, ხოლო მოკლე მანძილზე – 50 თეთრი.

„მარშრუტკები“ თბილისელების უმრავლესობისთვის გადაადგილების ძირითად საშუალებას წარმოადგენს. კომპანია „თბილისის მიკროავტობუსი“ დედაქალაქში 2011 წლიდან ფუნქციონირებს. მისი ავტოპარკი სწორედ მას შემდეგ არ შეცვლილა. მგზავრები ხშირად ჩივიან მიკროავტობუსების ცუდ მდგომარეობაზე.