საქართველოს რკინიგზაზე ბილეთების გაყიდვა დაიწყო

საქართველოში რკინიგზით მგზავრების გადაყვანა 31 მარტს კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო შეჩერდა.
Sputnik

თბილისი, 10 ივნისი – Sputnik. საქართველოს რკინიგზამ საქალაქთაშორისო რეისებზე ბილეთების ონლაინ-გაყიდვა განაახლა.

სარკინიგზო მიმოსვლა 15 ივნისიდან აღდგება, მოქალაქეებს ბილეთების შეძენა წინასწარ შეუძლიათ. საქართველოში მგზავრების გადაყვანა რკინიგზაზე 31 მარტს კორონავირუსის გავრცელების გამო შეჩერდა.

მაგისტრალური მატარებლები მოძრაობას 15 ივნისიდან დაიწყებენ შემდეგი მიმართულებებით: თბილისი-ბათუმი, თბილისი-ოზურგეთი, თბილისი-ფოთი, თბილისი-ზუგდიდი, თბილისი-ქუთაისი.

როდემდე იმუშავებს მეტრო შემცირებული გრაფიკით, ანუ როდის დასრულდება რემონტი

ბილეთების შეძენა შესაძლებელია „საქართველოს რკინიგზის“ მობილური აპლიკაციით ან ვებ-გვერდის საშუალებით. ბილეთების შეძენა ასევე შესაძლებელია სწრაფი გადახდის ან „საქართველოს რკინიგზის“ საპარტნიორო კომპანიების აპარატებიდან.

მატარებლით მგზავრობისას აუცილებელია გარკვეული წესების დაცვა. კერძოდ, ვაგონებში ჩასხდომისას მგზავრებს ჩაუტარდებათ თერმოსკრინინგი, მათ უნდა გაიარონ დეზობარიერის გავლით და ხელები სადეზინფექციო ხსნარით დაიმუშაონ. ასევე საჭიროა სოციალური დისტანციის დაცვა. მგზავრები არ დაიშვებიან პირბადეების გარეშე და მგზავრობისას მისი მოხსნა დაუშვებელია.