მსოფლიო დღეს

უკრაინა დაშლის პირასაა: სააკაშვილი საგანგაშო განცხადებას აკეთებს

სააკაშვილი ჯერ კიდევ თებერვალში აკეთებდა უსიამოვნო პროგნოზს და აცხადებდა, რომ უკრაინას ხუთ სახელმწიფოდ დაშლა ელოდება.
Sputnik

თბილისი, 10 ივნისი — Sputnik. უკრაინის ყველა რეგიონში სწრაფად იზრდება „ცენტრიდანული განწყობები“, ქვეყანა დაშლის პირას დგას, განაცხადა ტელეარხ „უკრაინა 24“-ის ეთერში რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სააკაშვილმა.

მისი თქმით, თუ ქვეყანაში სწრაფი ცვლილებები არ გატარდა, ქვეყანამ შესაძლოა არსებობაც კი შეწყვიტოს.

„როცა ჩვენ ვამბობთ, რომ ქვეყანა შეიძლება დაიშალოს, დიახ, თუ სწრაფად არ გავატარებთ ცვლილებებს, რეალურ საქმეს არ გავაკეთებთ, შეიძლება ქვეყანამ არსებობა შეწყვიტოს“, — განაცხადა სააკაშვილმა.

პოლიტიკოსის განმარტებით, უკრაინის ყველა რეგიონში სწრაფად ძლიერდებიან ცენტრიდანული ძალები და „ყველაფერი ძალიან ცუდადაა“. 

სააკაშვილმა მოუწოდა ხელისუფლების წარმომადგენლებს, შეწყვიტონ თავის მოტყუება.

აღსანიშნავია, რომ თებერვალში მიხეილ სააკაშვილი უკრაინის ხუთ სახელმწიფოდ დაშლას პროგნოზირებდა.

საქართველოს ექს-პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ ქვეყნის რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ მიმდინარე წლის 7 მაისს დანიშნა.