რა შეღავათებით ისარგებლებს მთიან რეგიონებში მცხოვრები 26 ათასი ადამიანი

უკვე მეხუთე წელია მაღალმთიან რეგიონში მცხოვრები მოსახლეობისთვის, მთაში ეკონომიკური საქმიანობის წახალისების მიზნით, დაწესებულია როგორც სოციალური, ისე საგადასახადო შეღავათები.
Sputnik

თბილისი, 10 ივნისი — Sputnik. საქართველოს პარლამენტმა "მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ" კანონში ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცა, რომლის თანახმად მაღალმთიანის სტატუსი კიდევ 58 სოფელს მიენიჭა.

შესწორებების თანახმად, კიდევ 26 ათასმა ადამიანმა მიიღო კანონით გათვალიწინებული შეღავათებით სარგებლობის უფლება.

ამიერიდან მაღალმთიანი დასახლების სტატუსი შეუძლიათ მიიღონ ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე 800 მეტრ და მეტ სიმაღლეზე მდებარე სოფლებმა და იმ დასახლებებმა, რომლებიც შედიან ისეთ მუნიციპალიტეტებში, რომლის დასახლებების 80%-ს მაღალმთიანის სტატუსი აქვს მინიჭებული. ასეთი მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ ცენტრებს სტატუსი მიენიჭება იმ შემთხვევაში, თუ ის მდებარეობს ზღვის დონიდან 1 ათას მეტრ სიმაღლეზე ან მის ზემოთ.

მაღალმთიან აჭარაში ახალი ტურისტული ობიექტი გაჩნდება

გარდა ამისა, შეიცვალა 2 ათას მეტრზე და მეტ სიმაღლეზე მდებარე მაღალმთიან დასახლებებში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების კრიტერიუმიც. ამ სტატუსის მისაღებად, ასეთ დასახლებაში ფაქტობრივად ცხოვრების ცხრათვიანი პირობის ნაცვლად, განისაზღვრა ექვსთვიანი პერიოდი.

საქართველოში ოთხი მუნიციპალიტეტია, რომელთა დასახლებების 80% სარგებლობს მაღალმთიანი დასახლების სტატუსით. თიანეთის, დმანისის, ასპინძისა და დუშეთის მუნიციპალიტეტების 39 დასახლებას, რომლებიც ზღვის დონიდან 800 მეტრზე ზემოთ მდებარეობს, მიენიჭა მაღალმთიანი დასახლების სტატუსი, მათ შორის – ერთ ადმინისტრაციულ ცენტრს, რომელიც 1000 მეტრზე ზემოთ მდებარეობს. ამ დროისათვის საქართველოში 1795 დასახლებულ პუნქტს მაღალმთიანი დასახლების სტატუსი აქვს მინიჭებული და მთაში მუდმივად მცხოვრების სტატუსით სარგებლობს 272 ათასზე მეტი მოქალაქე.

უკვე მეხუთე წელია მაღალმთიან რეგიონში მცხოვრები მოსახლეობისთვის, მთაში ეკონომიკური საქმიანობის წახალისების მიზნით, დაწესებულია როგორც სოციალური, ისე საგადასახადო შეღავათები, ინფრასტრუქტურული პროექტები კი სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ფინანსდება.