მიზეზები, რის გამოც საქართველომ საფრანგეთიდან სამხედრო პროდუქციის შესყიდვა გადადო

სახელმწიფო ბიუჯეტის პრიორიტეტების გადახედვის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტის შემცირება იგეგმება.
Sputnik

თბილისი, 10 ივნისი — Sputnik. კორონავირუსის პანდემიისა და თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტის შემცირების გამო საქართველომ საფრანგეთიდან გარკვეული სამხედრო პროდუქციის შეძენა მომავალი წლისთვის გადადო, განაცხადა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა ჟურნალისტებთან.

თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტის შემცირება სახელმწიფო ბიუჯეტის პრიორიტეტების გადახედვის ფარგლებში იგეგმება. 2020 წელს უწყების ბიუჯეტი 75 მლნ ლარით შემცირდება და 805 მლნ ლარის ოდენობით განისაზღვრება.

მაისაია: სამხედრო მრეწველობის განვითარება საქართველოში – სწორი პოლიტიკაა

„საუბარია პროექტის ვადის გადაწევაზე. თავდაცვის სამინისტროს ხარჯები 75 მილიონი ლარით მცირდება, აქედან 30 მილიონი არის საერთაშორისო ხელშეკრულება, რომლის ფარგლებშიც საფრანგეთს ჩვენთვის გარკვეული პროდუქცია უნდა მოეწოდებინა, თუმცა, გამომდინარე პანდემიიდან, ამ პროდუქციის მოწოდება გადაიდო", – განაცხადა სესიაშვილმა.

მისი სიტყვებით, სამხედრო პროდუქციის შეძენა უკვე 2021 წლის ბიუჯეტში გაიწერება.

„ამ შეთანხმების ფარგლებში საფრანგეთიდან ჩვენ ვიღებთ გარკვეულ სამხედრო პროდუქციას, შესაბამისად, პანდემიის გამო პროდუქციის მოწოდებისა და ინსტალაციის კუთხით შეიქმნა პრობლემები და ამიტომაც პროდუქციის მოწოდება გადაიდო. თუმცა, პროექტი გაგრძელდება და იგი ჩვენს თავდაცვისუნარიანობას გაზრდის", – განაცხადა სესიაშვილმა.

თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს არ დაუკონკრეტებია, თუ რომელ სამხედრო პროდუქციაზეა საუბარი. თუმცა, ცნობილია, რომ საქართველომ სამხედრო პროდუქციის, მათ შორის, საჰაერო თავდაცვის სისტემების შესყიდვის შესახებ საფრანგეთთან რამდენიმე შეთანხმებას მოაწერა ხელი. ყველა დოკუმენტს გრიფი "საიდუმლო" ადევს.