თბილისი, 10 ივნისი – Sputnik. კანონპროექტი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, რომელიც ყველა სახის თხევად აირზე ერთიანი სააქციზო გადასახადის დაწესებას ითვალისწინებს, საქართველოს პარლამენტში განსახილველადაა გადაგზავნილი.
კანონპროექტის თანახმად, სააქციზო განაკვეთი გაიზრდება და ისეთი ნავთობპროდუქტები, როგორიცაა თხევადი აირი, პროპანი, ბუტანები, ეთილენი, პროპილენი, ბუტილენი, ბუტადიენი, აციკლური ნახირწყალბადები, ბუტილენი და მისი იზომერები 300 ლარით დაიბეგრება.
კანონპროექტის თანახმად, ბუნებრივი აირის სააქციზო გადასახადი გამოითვლება მისი მოცულობის მიხედვით, ხოლო ბუნებრივი აირის კონდენსატის ან თხევადი ბუნებრივი აირის შემთხვევაში – წონის მიხედვით.
საკანონმდებლო ცვლილებების ინიციატორები ირწმუნებიან, რომ ცვლილებები წერტილს დაუსვამს უაქციზო სასაქონლო კოდების გამოყენებით ნავთობპროდუქტების იმპორტის მანკიერ პრაქტიკას, რომლის წყალობითაც შესაძლებელია გადასახადისთვის თავის არიდება. გარდა ამისა, ცვლილებები უზრუნველყოფს კონკურენტულ გარემოს ნავთობპროდუქტების იმპორტისა და რეალიზაციის სფეროში.
მოსალოდნელ ცვლილებებთან დაკავშირებით ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა ასოციაციამ, ბუნებრივი აირის ავტოგასამართი სადგურების ასოციაციამ და ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირმა გაავრცელეს ერთობლივი განცხადება.
მოსაზრება: ნავთობის კრიზისს გაზის კრიზისიც მოჰყვება>>
განცხადებაში აღნიშნულია, რომ თხევადი გაზის იმპორტისას დაბეგვრის მოქმედი მოდელი მკვეთრად ზღუდავს კონკურენტულ გარემოს, არათანაბარ პირობებში აყენებს ერთი და იმავე მიმართულებით მოღვაწე კომპანიებს და იწვევს სახელმწიფო ბიუჯეტისთვის მილიონობით დანაკარგს.
აქციზის გადასახადით დაბეგვრის მოქმედი ე.წ. ორეტაპიანი რეჟიმი გულისხმობს პირველ ეტაპზე (პროდუქციის განბაჟებისას) ყოველ 1000 კგ-ზე აქციზის გადასახადის სახით 120 ლარის გადახდას, ხოლო თუ აღნიშნული პროდუქციის მიწოდება ხდება ავტოსატრანსპორტო საშუალებების გასამართად, მეწარმეები რეალიზაციის შემდგომ აქციზის გადასახადის სახით უნდა იხდიდნენ დამატებით 180 ლარს.
„სამწუხაროდ, დამკვიდრებული პრაქტიკა ცხადყოფს, რომ მაშინ, როცა საქართველოში იმპორტირებული თხევადი გაზის ძალიან დიდი ნაწილი სწორედ რომ ავტოსატრანსპორტო საშუალებების გასამართად გამოიყენება, ოფიციალური სტატისტიკური მონაცემებით, 2018 წელს იმპორტირებული თხევადი გაზის მხოლოდ 30.8%-ის განბაჟება მოხდა როგორც კომერციული გაზისა (ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის მისაწოდებლად), 2019 წელს კი ამ მაჩვენებელმა უკვე მხოლოდ 23.4% შეადგინა“, – აღნიშნულია განცხადებაში.
კანონპროექტი ითვალისწინებს ერთეტაპიანი დაბეგვრის მოდელის შემოღებას, რომლის მიხედვითაც იმპორტიორები იმპორტის განხორციელებისთანავე გადაიხდიან ერთიანი აქციზის გადასახადს სახელმწიფო ბიუჯეტში, ისევე, როგორც ეს ხდება სხვა ნებისმიერი ნავთობპროდუქტის იმპორტისას.
მეორე მნიშვნელოვანი ცვლილება ეხება უაქციზო სასაქონლო კოდებს. კერძოდ, დღეისათვის საგადასახდო კოდექსში არსებობს “საგადასახადო ხვრელი”, რაც გულისხმობს ნავთობპროდუქტის, ამ შემთხვევაში, თხევადი გაზის იმპორტს აქციზის გადასახადის გადახდის გარეშე.
თუ ზემოაღნიშნულ სასაქონლო კოდზე 2016 წელს იმპორტირებული იყო მხოლოდ 1.7 ტონა თხევადი აირი, 2019 წელს ამ სასაქონლო კოდის გამოყენებით იმპორტირებულმა თხევადმა აირმა უკვე 12.6 ათასი ტონა შეადგინა და ამ ოპერაციიდან სახელმწიფო ბიუჯეტმა მიიღო “ნულოვანი შემოსავალი”.
ბუნებრივი გაზი და თხევადი გაზი ურთიერთჩანაცვლებადი პროდუქტებია. შესაბამისად, არ შეიძლება ამ პროდუქტებზე დაწესებული აქციზის გადასახადის ურთიერთპროპორცია არ ეფუძნებოდეს სამართლიანობის პრინციპს. დღევანდელი მდგომარეობით, თხევად გაზზე ბუნებრივ გაზთან შედარებით დადგენილი მნიშვნელოვნად დაბალი აქციზის გადასახადი არასამართლიან და არაკონკურენტულ მდგომარეობაში აყენებს ბუნებრივ გაზს.
ამ ვითარებამ უკვე მოიტანა თავისი მკვეთრად უარყოფითი შედეგი: უკანასკნელ პერიოდში დაიხურა 35-ზე მეტი ბუნებრივი გაზის სადგური, დაიკარგა სამუშაო ადგილები და ჩადებული ინვესტიციები. ბუნებრივი გაზის სადგურების დახურვის პროცესი დღესაც გრძელდება. ბუნებრივი გაზის სადგურის მშენებლობას 20-25-ჯერ მეტი ინვესტიცია სჭირდება, ვიდრე თხევადი გაზის სადგურის მოწყობას.
ახალი საფრთხე: კატარი მზადაა გაზის ომის წამოსაწყებად>>
„ერთ-ერთი ძირითადი პრინციპი, რომელზეც უნდა იყოს დამოკიდებული აქციზის განაკვეთის პროპორცია ამ პროდუქტებს შორის, არის მათი ზეგავლენა ეკოლოგიაზე. ბუნებრივი აირი არის ეკოლოგიურად ყველაზე სუფთა საწვავი, რაც პირდაპირ იმას ნიშნავს, რომ მასზე დაწესებული აქციზის განაკვეთი, გადასახადის ბუნებიდან გამომდინარე, უნდა იყოს დაბალი, ვიდრე თხევად გაზზე. ამასვე ცხადყოფს საერთაშორისო პრაქტიკაც“, – ნათქვამია განცხადებაში.
თხევადი გაზი არის ნავთობპროდუქტი და მას ნავთობის ქიმიურად გადამუშავების გზით იღებენ. ბუნებრივი აირი – ორგანული ნაერთია, რომელიც მოიპოვება ბუნებაში ყოველგვარი გადამუშავების გარეშე.
გარდა ამისა, ის თხევად აირზე მსუბუქია და დაღვრისას ჰაერში იფანტება. შედეგად, საწვავის სხვა სახეობებისგან განსხვავებით, არ ჟონავს ნიადაგში და არ აბინძურებს მას.
ასოციაციები პარლამენტს ყველა სახის თხევად აირზე ერთიანი სააქციზო გადასახადის – 1 ტონაზე მინიმუმ 450 ლარის დაწესების თხოვნით მიმართავენ. მათი აზრით, ეს დარგის სწორად განვითარებას, ჯანსაღი და კონკურენტული ბიზნეს-გარემოს შექმნას შეუწყობს ხელს.