მსოფლიო დღეს

ცნობების და ტესტების გარეშე: თურქეთი ტურისტების მიღების წესებს განმარტავს

თურქი მინისტრის განმარტებით, თუ ქვეყანაში ყოფნის პერიოდში რომელიმე ტურისტი დაავადდება, მას აუცილებლად გადაიყვანენ სამკურნალოდ.
Sputnik

თბილისი, 9 ივნისი — Sputnik. თურქეთში ჩამოსულ ტურისტებს არ დასჭირდებათ ტესტებისა და სხვა დამადასტურებელი ცნობების წარმოდგენა იმის შესახებ, რომ არ არიან COVID-19-ით დაავადებული, განაცხადა თურქეთის ტურიზმისა და კულტურის მინისტრმა მეჰმეთ ერსოიმ.

ვინ გაფრინდება კვიპროსზე: დასახელდა ქვეყნები და აუცილებელი პირობები

მინისტრმა განმარტა, რომ ქვეყანაში შემსვლელებს სასაზღვრო კონტროლის დროს უკონტაქტო თერმომეტრით გაუზომავენ სხეულის ტემპერატურას და პირს ტესტის ჩასაბარებლად მხოლოდ იმ შემთხვევაში გადაიყვანენ, თუ მას 38 გრადუსზე მაღალი სიცხე დაუდასტურდება. 

აღსანიშნავია, რომ ტესტის ჩასაბარებლად სამედიცინო პუნქტები პირდაპირ სასაზღვრო კონტროლთან იქნება განთავსებული. ტესტის პასუხები მაქსიმუმ ერთ საათში იქნება მზად.  

ამასთან ქვეყნის ხელისუფლება იძლევა პირობას, რომ იმ შემთხვევაში, თუ ტურისტი თურქეთში დასვენების პერიოდში კორონავირუსით ან სხვა ინფექციით დაავადდება, მკურნალობაზე უარს არ ეტყვიან.

„თუ ჩვენს ქვეყანაში ვინმე ავად გახდება, ჩვენ აუცილებლად უზრუნველვყოფთ საჭირო სამედიცინო მომსახურებას. ამაზე არავინ არ უნდა იღელვოს“, – განაცხადა ერსოიმ. 

თუმცა მინისტრს არ დაუზუსტებია, მკურნალობა ფასიანი იქნება თუ უფასო.

მინისტრი იმედოვნებს, რომ თურქეთში ტურიზმის ნორმალიზაცია სწრაფი ტემპებით წავა, თუმცა მიმდინარე სეზონზე 2019 წლის მაჩვენებლების მიღწევა მოსალოდნელი არ არის.