მსოფლიო დღეს

გაჯეტების ხშირი გამოყენება ადამიანს გარეგნულად შეცვლის: შექმნილია ვირტუალური მოდელი

მეცნიერებმა გაითვალისწინეს ცხოვრების პირობები, საქმიანობის სფეროები და დაადგინეს, რა და როგორ შეიცვლება ადამიანის გარეგნობაში.
Sputnik

თბილისი, 9 ივნისი — Sputnik. ამერიკელმა ანთროპოლოგებმა და ტოლედოს უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაადგინეს, როგორ შეიცვლება ადამიანი გარეგნულად 2100 წლისთვის.

მათ მომავლის ადამიანის ვირტუალური მოდელი შექმნეს, რომელსაც სახელად „მინდი“ დაარქვეს. 

​​გამომდინარე იქიდან, რომ ადამიანები კიდევ უფრო ხშირად და აქტიურად გამოიყენებენ სხვადასხვა ტიპის გაჯეტებს, ხოლო მათი ცხოვრება ძირითადად მჯდომარე იქნება, მეცნიერების ვარაუდით, მნიშვნელოვნად შეიცვლება ხერხემლის ფორმა და ადამიანს კუზი გაეზრდება. 

შესაბამისად, იმისათვის, რომ გააწონასწოროს შეცვლილი აღნაგობა, კისერი გახდება ბევრად მასიური და მოკლე, ხოლო ხელის მტევნები (რომლებიც ასევე მოერგება გაჯეტების გამოყენებას) ძველ უნარს დაკარგავს და მხოლოდ თითები შეინარჩუნებს მოძრაობას.

​სწავლულები ირწმუნებიან, რომ მომავალში ადამიანს ძალიან შეუმცირდება მოძრაობის მოთხოვნილება და ამასთან შეიცვლება მისი ტვინიც. სავარაუდოდ, ის მნიშვნელოვნად დაპატარავდება, თუმცა ამას თავისი პლუსიც ექნება. ვინაიდან ასეთ შემთხვევაში ტვინი ბევრად საიმედოდ იქნება დაცული გარემომცველი ტექნიკის ვიბრაციებისგან უფრო სქელი თავის ქალით.

გარდა ამისა, გაჯეტების გავლენით შეიცვლება თვალებიც. მეცნიერები ფიქრობენ, რომ მხედველობის დაცვის მიზნით ბუნება ადამიანს მესამე ქუთუთოთი „დააჯილდოებს“.