გორში გიორგი კანდელაკის შვილი დააკავეს

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, კანდელაკის ვაჟს სასჯელის სახით სამიდან ექვს  წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
Sputnik

თბილისი, 9 ივნისი - Sputnik. სამართალდამცველებმა გორში ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით 22 წლის მამაკაცი დააკავეს, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ტელეკომპანია „იმედის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებული ცნობილი ქართველი მოკრივის, გიორგი კანდელაკის შვილია.

გამოძიების მიხედვით, ბრალდებულმა  გორში, სტალინის ქუჩაზე მდებარე რესტორან „ჯოზეფში" 19 წლის პირს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. მომხდარს წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. მძიმედ დაშავებული მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

ინციდენტი ორშაბათს მოხდა.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი  ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, რესტორანი „ჯოზეფი“, სადაც დაპირისპირება მოხდა, ბრალდებულის მამას, გიორგი კანდელაკს ეკუთვნის.