უცხოელი ტურისტები საქართველოს ვერ შეელევიან – თურნავა

საქართველოში სასტუმროები ტურისტული სეზონისთვის ემზადებიან. ერთ-ერთ სასტუმროს კახეთში ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა ეწვია.
Sputnik

თბილისი, 8 ივნისი – Sputnik. ვერც ადგილობრივი და ვერც უცხოელი ტურისტები ვერ შეელევიან მოგზაურობას საქართველოში, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ადგილია და თავისი უნიკალური ბუნებით, უნიკალური ადამიანებითა და სტუმართმოყვარეობის უძველესი ტრადიციებით გამოირჩევა, მიიჩნევს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა.

გახარია: მსოფლიოში ცოტაა COVID-ისგან საქართველოსავით თავისუფალი ქვეყანა>>

ეკონომიკის მინისტრი გუშინ თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირში კომპანია „ლექსოს მარნის“ მცირე საოჯახო სასტუმრო „არგეს“ ეწვია, იუწყება სამინისტროს პრეს-სამსახური.

სასტუმრო ცოტა ხნის წინ პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ დახმარებით 11 ნომრით გაფართოვდა, რის შემდეგაც ოთახების რაოდენობა 33-მდე გაიზარდა. სასტუმროში ამჟამად 15 ადამიანია დასაქმებული. ჯამურად ინვესტიციის მოცულობამ დაახლოებით 2.4 მილიონი ლარი შეადგინა, საიდანაც პროგრამის „აწარმოე საქართველოში" ფარგლებში სესხის მოცულობა 1.45 მილიონი ლარია.

გახარია: საქართველო უნდა იყოს ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც ტურიზმის სფეროს გახსნის

თურნავას განცხადებით, ძალზე მნიშვნელოვანია, რომ მიუხედავად მსოფლიო ტურისტულ ინდუსტრიაში წარმოქმნილი სირთულეებისა, რომლებიც საქართველოსაც შეეხო, ქვეყანაში მაინც ხორციელდება პროექტები ტურიზმის სფეროში.

„კორონავირუსის პანდემიის ფონზე შექმნილი გამოწვევის მიუხედავად, პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ დახმარებით კიდევ ერთი სასტუმრო გაფართოვდა... ჩვენი პროგრამის ფარგლებში ასზე მეტი მცირე საოჯახო სასტუმრო გაიხსნა“, – განაცხადა თურნავამ.

სამთავრობო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ 2014 წლის ზაფხულში შეიქმნა. მისი მიზანია ქვეყანაში ადგილობრივი წარმოების წახალისება. 2017 წლის აპრილში შეიქმნა ამავე სახელწოდების სააგენტო, რომელმაც გააერთიანა ქვეყნის ბიზნეს-სექტორისა და ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობისკენ მიმართული ყველა სახელმწიფო პროგრამა.

მთავრობის გეგმები: ერთ-ერთი წარმატებული პროექტი ფართოვდება>>

საქართველოს ხელისუფლებამ ამ დღეებში ბიზნესის დახმარების ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტის „აწარმოე საქართველოში“ გაფართოების გადაწყვეტილება მიიღო. თურნავას განცხადებით, თუ აქამდე პროექტი 100 დარგის საწარმოებს ეხმარებოდა, ახლა მათი რაოდენობა, პრაქტიკულად, ორმაგდება, მათ შორის მოხვდება სამშენებლო ინდუსტრია და სამშენებლო მასალების წარმოება.