პეტიციამ შედეგი გამოიღო: საქართველო სომხეთს სადეზინფექციო კაბინებით დაეხმარება

ქართული სადეზინფექციო კაბინები ქართულმა კომპანიებმა Kaya-მ და Edison Tech Solutions-მა დაახლოებით ერთი თვის წინ შექმნეს კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით.
Sputnik

თბილისი, 8 ივნისი – Sputnik. ქართული ტექნოლოგიური კომპანია Edison Tech Solutions სომხეთს კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარებას სთავაზობს და ხუთ სადეზინფექციო კაბინას გადასცემს.

სომხეთში კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით რთული ვითარებაა. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ინფიცირების 13 130 შემთხვევაა დადასტურებული. მხოლოდ გასულ დღე-ღამეში ინფიცირების 195 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე, მეზობელი სახელმწიფოსთვის დახმარების მიზნით 4 ივნისს სოციალურ ქსელში საქართველოს მთავრობისადმი პეტიცია გავრცელდა. 

სომხეთში პირბადით სიარული სავალდებულო ხდება - ფაშინიანი ერთმანეთის თვალთვალისკენ მოუწოდებს

„ვთხოვთ საქართველოს მთავრობას, ასეთ რთულ დროს განიხილოს მეზობელი ქვეყნის დახმარების შესაძლებლობა. დახმარებაში ვგულისხმობთ სომხეთისთვის შეთავაზების გაკეთებას მათი პაციენტების საქართველოში მკურნალობასთან დაკავშირებით. ვთვლით, რომ ეს იქნება სწორი ნაბიჯი მეზობელი სახელმწიფოს დასახმარებლად და რეგიონში ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გამოსასწორებლად“, – ნათქვამია პეტიციაში.

აღნიშნული პეტიცია ქართული ტექნოლოგიური კომპანია Edison.ge-სთვის ერთ-ერთი მოტივატორი გახდა, რის შემდეგაც მათ სომხეთისთვის ხუთი სადეზინფექციო კაბინის გადაცემის გადაწყვეტილება მიიღეს.

„ჩვენ მაქსიმუმ ერთ კვირაში მზად ვიქნებით მეზობელ ქვეყანაში ხუთი კაბინა გავგზავნოთ. სადეზინფექციო კაბინების დადგმა შეიძლება საჯარო სივრცეებშიც, მაგალითად, საქართველოში ერთ-ერთი ასეთი კაბინა დგას „ოკრიბას“ ავტოსადგურზე, ასევე გაგუას კლინიკაში და ა.შ. სომხეთსაც საკუთარი სურვილის მიხედვით შეუძლია მათი გამოყენება და დადგმა, ვთქვათ, საავადმყოფოებში, ბოქსირებულ პალატებში. როგორც გითხარით, ჩვენ მაქსიმუმ ერთ კვირაში მზად ვიქნებით, დანარჩენი დროისა და სახელმწიფოებს შორის ფორმალური პროცედურების საკითხია“, – განაცხადა ჟურნალისტებთან კომპანიის დამფუძნებელმა გივი ბერიძემ.

ქართული სადეზინფექციო კაბინები ქართულმა კომპანიებმა Kaya-მ და Edison Tech Solutions-მა დაახლოებით ერთი თვის წინ შექმნეს კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით.