მუხიანში მეხანძრეებმა ხუთი ადამიანი გადაარჩინეს

საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში შემოვიდა ინფორმაცია, რომ მუხიანის დასახლებაში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში დაკვამლიანებაა
Sputnik

თბილისი, 8 ივნისი – Sputnik. მეხანძრეებმა თბილისში, მუხიანის დასახლებაში გადაარჩინეს ხუთი ადამიანი, მათ შორის სამი არასრულწლოვანი. ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის Facebook-გვერდზეა აღნიშნული.

მაშველებმა გამოიყვანეს ადამიანები იმ საცხოვრებელი ბინიდან, სადაც ძლიერი დაკვამლიანებაა იყო. სამსახურის ინფორმაციით, ხანძარი საცხოვრებელ კორპუსზე მიშენებულ დამხმარე ნაგებობაში გაჩნდა, რამაც კორპუსის ქვედა სართულების ძლიერი დაკვამლიანება გამოიწვია.

ცეცხლის ჩაქრობის პარალელურად მაშველებმა ტერიტორია დაათვალიერეს და ბინები შეამოწმეს. სამაშველო ღონისძიებების შედეგად ერთი ბინიდან უსაფრთხო ადგილას ხუთი მოქალაქის ევაკუაცია განხორციელდა.

ყველა მათგანს გაეწია სათანადო სამედიცინო დახმარება. ამ დროისათვის მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

აღნიშნულია, რომ ხანძრის შედეგად 10 კვადრატული მეტრი ფართობი დაიწვა, ასევე შენობის სარდაფში განთავსებული სავაჭრო ფართის ჭერი და პირველი სართულის ბინის ფანჯრები. რა გახდა ხანძრის მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია.