საქართველოში სასტუმროები იხსნება: რეკომენდაციები პერსონალისა და სტუმრებისთვის

საქართველოში ჩამოსული ტურისტები დაისვენებენ ე.წ. „მწვანე ზონებში“, სადაც იქნება უზრუნველყოფილი სრული უსაფრთხოება დაინფიცირებისგან როგორც ტურისტებისთვის, ისე ადგილობრივი მოსახლეობისთვის.
Sputnik

თბილისი, 7 ივნისი - Sputnik. ორშაბათიდან, 8 ივნისიდან საქართველოში მუშაობას განაახლებენ სასტუმროები, თუმცა მხოლოდ ის სასტუმროები, რომლებმაც საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი ნებართვა მიიღეს და მზად არიან თანამშრომლების და სტუმრების უსაფრთხოება უზრუნველყონ.

გახარია: მსოფლიოში ცოტაა COVID-ისგან საქართველოსავით თავისუფალი ქვეყანა

საქართველო საერთაშორისო სტუმრებს 1 ივლისიდან მიიღებს, შიდა ტურიზმი კი 15 ივნისს იწყება.

ჯანდაცვის სამინისტრომ ყველა ტიპის სასტუმროებისთვის რეკომენდაციები შეიმუშავა:

  • როგორც პერსონალს, ისე ვიზიტორებს სასტუმროში შესვლისას უტარდება თერმოსკრინინგი. მომატებული ტემპერატურის შემთხვევაში ეს უნდა მიეთითოს სპეციალურ წიგნში და ეცნობოს „112“-ის ცხელ ხაზზე.
  • ინფორმაცია COVID-19-თან დაკავშირებული პროფილაქტიკური ზომების შესახებ თვალსაჩინო ადგილზე უნდა იყოს განთავსებული, შესაძლებელია ვიდეო/აუდიო მასალების გამოყენება
  • სასტუმროს ყველა სივრცის სათანადო დასუფთავება/დეზინფექცია დღეში სულ მცირე 3-ჯერ უნდა ჩატარდეს, ხშირად შეხებადი ზედაპირები ყოველ 2 საათში ერთხელ უნდა დასუფთავდეს
  • ხალხის თავშეყრის ადგილებში აუცილებელია ორმეტრიანი დისტანციის დაცვა
  • ერთჯერადი ხელსახოცები და პირბადეები უნდა განთავსდეს დახურულ სანაგვე კონტეინერებში
  • შიდა სივრცეებში უნდა იყოს უზრუნველყოფილი ბუნებრივი ვენტილაცია
  • ორსართულიანი საწოლების გამოყენება დაუშვებელია
  • საერთო მოხმარების სააბაზანო ოთახების ყოველი გამოყენების შემდეგ უნდა მოხდეს მათი დეზინფექცია
  • ვიზიტორები და სასტუმროს პერსონალი სასტუმროში უნდა შევიდნენ დეზობარიერის გავლით, საერთო სივრცეებში უნდა იყოს განთავსებული დისპენსერები სადეზინფექციო საშუალებით.
  • სასტუმროებისა და რესტორნების მეპატრონეებს ურჩევენ გამოიყენონ მხოლოდ ბეჭდური, ერთჯერადი მენიუ ან მისი ელექტრონული ვარიანტი, ასევე ერთჯერადი სუფრები.
  • ერთ მაგიდასთან უნდა განთავსდეს მაქსიმუმ 6 ადამიანი დისტანციის დაცვით, თუ საუბარი არ არის ერთი ოჯახის წევრებზე.

სპეციალური მოთხოვნები:

  • სასტუმროს რეგისტრატურაზე უნდა დამონტაჟდეს გამჭვირვალე ბარიერი.
  • დალაგებაზე პასუხისმგებელმა პერსონალმა უნდა აირიდოს მჭიდრო კონტაქტი სტუმრებთან. პერსონალმა დალაგების დროს უნდა გამოიყენოს ხელთათმანები და ხელთათმანების გამოყენების შემდეგ დაიბანოს ხელები და დაიმუშაოს სპეციალური ხსნარით.
  • ბინებსა და აპარტამენტებში სტუმრებსა და მასპინძლებს შორის მიღება-გასვლის დროს პირადი კონტაქტი მინიმუმამდე უნდა იყოს დაყვანილი. რეკომენდირებულია სტუმრის მიღების (check in) და გასვლის (checkout) დისტანციური სისტემის დანერგვა.
  • სტუმრის გასვლის შემდეგ, ოთახების დალაგება განხორციელდეს შემდეგი პრინციპით - დეზინფექცია, 4 საათიანი განიავება, დალაგება-დასუფთავება.

განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს სააბაზანოებისა და საპირფარეშოების დასუფთავებას, ასევე ხშირად შეხებად ზედაპირებს.

სასტუმროების აუზებში ბანაობა დაშვებულია, თუმცა აუზის ყოველ 6 კვადრატული მეტრი ფართობზე მხოლოდ ერთი ადამიანი დაიშვება. აუზში ჩასვლა დაშვებულია მხოლოდ შხაპის მიღების შემდეგ. წყალი უნდა იწმინდებოდეს სპეციალური მეთოდით, აუზსაც დეზინფექცია უნდა უტარდებოდეს.

როგორც პარასკევს გახდა ცნობილი, თბილისში 75 შემოწმებუ8ლი სასტუმროდან უსაფრთხოების პროტოკოლს მხოლოდ 15 პასუხობს.

იგეგმება, რომ საქართველოში ჩამოსული ტურისტები დაისვენებენ ე.წ. „მწვანე ზონებში“, სადაც იქნება უზრუნველყოფილი სრული უსაფრთხოება დაინფიცირებისგან როგორც ტურისტებისთვის, ისე ადგილობრივი მოსახლეობისთვის.