დუშეთის მუნიციპალიტეტი: ეკლესიას დანგრევის საფრთხე არ ემუქრება

მუნიციპალიტეტში აცხადებენ, რომ ეკლესიასთან რამდენიმე ათეული მეტრის დაშორებით დაწყებული უნებართვო მშენებლობა გაფრთხილების საფუძველზე შეჩერდა
Sputnik

თბილისი, 7 ივნისი - Sputnik. დუშეთის მუნიციპალიტეტში უარყოფენ სოფელ ნაღვარევის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის დანგრევის და იქ მიმდინარე მშენებლობის შესახებ ინფორმაციას, ამის შესახებ ინფორმაციას მუნიციპალიტეტი Facebook-გვერდზე ავრცელებს.

როგორც დუშეთის რაიონის სოფელ ნაღვარევის მოსახლეობა აცხადებს, ნაღვარევის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიას, სადაც კრწანისის ომში მიმავალმა სამასმა არაგველმა ფიცი დადო, საფრთხე ემუქრება. მე-13 საუკუნეში აშენებულ და რამდენჯერმე დამეწყრილ ეკლესიას საფრთხეს ჩინური კომპანია უქმნის, რომელიც გუდაურის შემოვლით გზას აშენებს. მათივე თქმით, კომპანიამ ეკლესიიდან 70 მეტრში დაიწყო 49 საძინებელზე გათვლილი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა, რომელიც ქვეშეთი-კობის 23-კილომეტრიან გზაზე დასაქმებულებისთვის არის გათვალისწინებული.

სამცხე-ჯავახეთში სომხური ეკლესიის ტერიტორიაზე სამარხები დააზიანეს

მუნიციპალიტეტში აცხადებენ, რომ ეკლესიასთან რამდენიმე ათეული მეტრის დაშორებით დაწყებული უნებართვო მშენებლობა თავიდანვე გაფრთხილების საფუძველზე შეჩერდა.

„ეკლესიასთან რამდენიმე ათეული მეტრის დაშორებით დაწყებული უნებართვო მშენებლობა შეჩერდა თავიდანვე გაფრთხილების საფუძველზე. დუშეთის მუნიციპალიტეტს აღნიშნულ ადგილზე რაიმე სახის ობიექტის მშენებლობისთვის არც ერთი კომპანიისთვის ნებართვა არ გაუცია. მშენებლობა არ წარმოებს და შესაბამისად, გავრცელებული ინფორმაცია ეკლესიის დანგრევის საფრთხის შესახებ არ შეესაბამება სიმართლეს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

მუნიციპალიტეტში აცხადებენ, რომ ამჟამად მიმდინარეობს საკითხის სრული შესწავლა, რის შემდეგაც მიღებული იქნება კანონით გათვალისწინებული ზომები.

 

დღეს ადგილზე ჩავიდა ჩინური სამშენებლო კომპანიის წარმომადგენელი და ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა. კომპანიის წარმომადგენლის თქმით, ადგილზე მშენებლობა იქამდე არ განახლდება, ვიდრე მშნებლობის უფლებას არ მოიპოვებენ.

მშენებლობის განახლების შემთხვევაში მოსახლეობა მასშტაბურ აქციებს აანონსებს.

„დუშეთის მუნიციპალიტეტი არ დაუშვებს, რომ სოფელ ნაღვარევის ეკლესიას შეექმნას რაიმე საფრთხე“, - აცხადებენ მუნიციპალიტეტში.