თბილისში არასრულწლოვანმა მოქალაქეს მოკვლის მუქარით ტელეფონი წაართვა

17 წლის ბიჭმა ბასრი საგნის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობის მუქარით 30 წლის მოქალაქეს მობილური ტელეფონი წაართვა
Sputnik

თბილისი, 7 ივნისი — Sputnik. თბილისში ყაჩაღობის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი 17 წლის ბიჭი ცხელ კვალზე დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის განცხადებაში.

„ბრალდებულმა თბილისში, 1989 წელს დაბადებულ მოქალაქეს ბასრი საგნის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობის მუქარით წაართვა მობილური ტელეფონი. მოქალაქემ პატრულ-ინსპექტორებს დახმარების მიზნით მიმართა, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა მყისიერი რეაგირება მოახდინეს და ბრალდებული ადგილზე დააკავეს“, - ნათქვამია განცხადებაში.

სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, ბასრი საგანი და ყაჩაღობის გზით მოპოვებული მობილური ტელეფონი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.