„ლავასოღლის“ მხარდამჭერები 1000-1000 ლარით დააჯარიმეს

ცნობილი კრიმინალური ავტორიტეტის გარემოცვა მისი თურქეთიდან საქართველოში ექსტრადიციის მოთხოვნით ბათუმში პერმანენტულ აქციებს მართავს.
Sputnik

თბილისი, 6 ივნისი - Sputnik. აჭარაში ცნობილი კანონიერი ქურდის მინდია გორაძის, მეტსახელად „ლავასოღლის“ მხარდამჭერთა აქციაზე დაკავებულ რვა პირს ბათუმის საქალაქო სასამართლომ 1000-1000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა, ერთს კი სიტყვიერი გაფრთხილება მისცა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

აღნიშნული პირები გუშინ სამართალდამცველებთან წინააღმდეგობის გაწევისათვის დააკავეს. ისინი ბათუმიდან სარფის საბაჟოსთან მისასვლელი გზის გადასაკეტად მიდიოდნენ.

შეხლა-შემოხლა პოლიციასთან: ბათუმში „ლავასოღლის“ მხარდამჭერები დააკავეს – ვიდეო

მინდია გორაძის ახლობლები აჭარის პროკურატურასთან პროტესტის გაგრძელებას გეგმავენ. „ლავასოღლის“ დის, ირინა გორაძის განცხადებით, პროტესტი არ შეწყდება, ორშაბათს კი, ისინი გენერალურ პროკურატურაში შეხვედრას გეგმავენ, რაზეც მსჯავრდებულის ექსტრადაციაზე იქნება საუბარი.

აჭარის პროკურატურასთან უკვე მეექვსე  დღეა იმართება აქცია, რომლის მონაწილეებიც „ლავასოღლის“ თურქეთიდან საქართველოში ექსტრადირებას მოითხოვენ. 17-მა პირმა შიმშილობა დაიწყო, ოთხმა კი პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერა.

ამ მომენტისთვის მინდია გორაძე თურქეთში ექსტრადიციულ პატიმრობაში იმყოფება. „ლავასოღლი“, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება ინტერპოლის ხაზით ეძებდა, 2018 წლის ოქტომბერში ტრაპიზონში დააკავეს.

2019 წლის აპრილში ბათუმის საქალაქო სასამართლომ გორაძეს დაუსწრებლად შეუფარდა 10 წლით პატიმრობა ქურდულ სამყაროსთან კავშირის გამო. კიდევ უფრო ადრე, 2018 წლის ივლისში ბათუმის საქალაქო სასამართლომ გორაძე დაუსწრებლად ცნო დამნაშავედ მუხლებით: „კანონიერი ქურდობა“, „ჯგუფურად გამოძალვის ორგანიზება“ და „ძალადობის მუქარით ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლა“ და 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა. 2019 წლის თებერვალში ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ განაჩენი ძალაში დატოვა.

„ლავასოღლის“ მეგობრებმა პროტესტის ნიშნად პირები ამოიკერეს >>

პროკურატურის მონაცემებით, 2014-2015 წლებში „ლავასოღლის“ კავშირი ჰქონდა საქართველოში მყოფ კრიმინალურ ავტორიტეტებთან, იღებდა მათგან ინფორმაციას კრიმინალურ სამყაროში არსებულ ვითარებაზე და აძლევდა მითითებებს თავისი გავლენის გასაძლიერებლად. იგი მონაწილეობდა ასევე ქურდული „ობშჩაკის“ შეგროვებაში.