ზუგდიდში ღვთისმშობლის მოზაიკური ფრესკა დაიდგმება: არიან მოწინააღმდეგეებიც

გავრცელებული ინფორმაციით, ზუგდიდის მოსახლეობის გარკვეული ნაწილი მხარს არ უჭერს ღვთისმშობლის მოზაიკური ფრესკის დადგმას ქალაქის ცენტრში.
Sputnik

თბილისი, 5 ივნისი — Sputnik. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებით, ზუგდიდის ცენტრში ღვთისმშობლის მოზაიკური ფრესკა აღიმართება, იუწყება „Sputnik–საქართველოს“ კორესპონდენტი ადგილიდან. 

გადაწყვეტილება სულ რამდენიმე წუთის წინ მიიღეს. საკითხის განხილვას სასულიერო პირებიც ესწრებიან. სხდომაზე მყოფი დეპუტატებიდან წინააღმდეგი არავინ ყოფილა.

საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერია დარწმუნებულია, რომ ღვთისმშობლის ფრესკას ზუგდიდელები აუცილებლად შეიყვარებენ.

ზუგდიდში ღვთისმშობლის მოზაიკური ფრესკა დაიდგმება: არიან მოწინააღმდეგეებიც

უმრავლესობის დეპუტატ სანდრო სორდიას თქმით, როგორც ზუგდიდის საკრებულოს წევრსა და მოქალაქეს, სურდა, რომ ამ საკითხზე საჯარო დიაკუსია გამართულიყო, რაც განხორციელდა კიდეც – საკრებულომ მოქალაქეების აზრი გაითვალისწინა.

სწორედ სანდრო სორდია იყო თავის დროზე მოზაიკის მაცხოვრის კარის ეკლესიასთან განთავსების ინიციატორი.

აღსანიშნავია, რომ მოქალაქეების ნაწილი მხარს არ უჭერს და, მეტიც, კატეგორიულად არ იზიარებს ფრესკის დადგმის წინადადებას.

დღევანდელ სხდომას არ დასწრებია, მაგრამ ქალაქის ცენტრალურ მოედანზე ღვთისმშობლის მოზაიკური ფრესკის განთავსების წინააღმდეგია ფრაქცია „ევროპული საქართველოს" თავმჯდომარე ბათლომე შელია.

ქალაქის ცენტრალურ მოედანზე ღვთისმშობლის მოზაიკური ფრესკის დადგმას ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიაც უჭერს მხარს. ეპარქიამ 20 თებერვალს მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში ინიციატივის განხილვა მოაწყო, სადაც გამოითქვა მოსაზრებები, რომ ზუგდიდის თავისუფლების მოედანს სახელი შეეცვალოს და ღვთისმშობლის სახელი ეწოდოს.

ნიკა ლატარია