თბილისი, 5 ივნისი – Sputnik. ვარკეთილის რაიონში, შუამთის ქუჩაზე სპეცოპერაცია დასრულდა. დაკავებულია არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი შეიარაღებული მამაკაცი, რომელიც საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე საკუთარ ბინაში იყო ჩაკეტილი და უმისამართოდ ისროდა.
როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა ვაჟა სირაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, მოლაპარაკებების შედეგად პიროვნებამ დატოვა საცხოვრებელი სახლი.
„მამაკაცს, რომელიც ჩაგვბარდა, ამჟამად უტარდება სასწრაფო სამედიცინო დახმარება. აღნიშნულ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. პირველადი ინფორმაციით, აღნიშნული პიროვნება იმყოფება ნასვამ მდგომარეობაში", – განაცხადა ვაჟა სირაძემ.
ვარკეთილში სპეცოპერაცია, რომელიც 13:00 საათისთვის დაიწყო, დაახლოებით 3 საათს გრძელდებოდა.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყვნენ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები და სპეციალური დანიშნულების რაზმი.
გავრცელებული ინფორმაციით, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა მამაკაცმა შვილებთან იჩხუბა და სანადირო თოფით იატაკს ესროლა, შემდეგ კი ფანჯარაში რამდენჯერმე გაისროლა. საბედნიეროდ, სროლის შედეგად არავინ დაშავებულა.
მომხდარ ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება.