სპეცოპერაცია ვარკეთილში: ბინაში ჩაკეტილ შეიარაღებულ მამაკაცთან მოლაპარაკებები მიმდინარებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სროლის შედეგად არავინ დაშავებულა. დამნაშავესთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
Sputnik

თბილისი, 5 ივნისი — Sputnik. ვარკეთილის რაიონში არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა მამაკაცმა ცეცხლი გახსნა.

როგორც „Sputnik–საქართველოს“ შსს-ს პრეს-ცენტრში აცნობეს, ამ წუთებში ადგილზე მობილიზებული არიან საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები და სპეცდანიშნულების რაზმი. ამ დროისთვის მამაკაცის დაკავების ოპერაცია ტარდება.

„იგი შეიარაღებულია და, სავარაუდოდ, არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფება. მამაკაცი საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე საკუთარ ბინაში ჩაიკეტა და უმისამართო სროლა დაიწყო. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, მოქალაქეების უსაფრთხოება დაცულია. მიმდინარეობს მოლაპარაკებები“, – განაცხადა შემთხვევის ადგილზე მისულმა საპატრულო პოლიციის უფროსმა ვაჟა სირაძემ.

მეზობლების თქმით, 45 წლის მამაკაცი მონადირეა და რეგისტრირებული იარაღი აქვს. მან სროლა ეზოში მოთამაშე ბავშვებთან კონფლიქტის შემდეგ დაიწყო – ბავშვების დაშინების მიზნით უმისამართოდ რამდენჯერმე გაისროლა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სროლის შედეგად არავინ დაშავებულა. დამნაშავესთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს.