ქუთაისი და ბათუმი – ტურიზმის თვალსაზრისით ისრაელის ინტერესის სფერო

ისრაელის მთავრობამ საქართველოს და კიდევ შვიდ ქვეყანას მოგზაურობისთვის ყველაზე უსაფრთხო ქვეყნების სტატუსი მიანიჭა.
Sputnik

თბილისი, 5 ივნისი – Sputnik. საქართველოში ისრაელისთვის ინტერესს წარმოადგენს ისეთი ტურისტული მიმართულებები, როგორიცაა ქუთაისი და ბათუმი, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ იმერეთის რეგიონის ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრისას.

მისი სიტყვებით, პირველი ქვეყანა, საიდანაც საქართველოში ტურისტები ჩამოვლენ, სავარაუდოდ, ისრაელი იქნება.

„გვესმის, რომ განსაკუთრებით ტურიზმის სექტორში დასაქმებული ადამიანებისთვის ახლა მძიმე პერიოდია, არ არის მარტივი. ვერც იმას გეტყვით, რომ ყველაფერი ერთ დღეში შეიცვლება და კარგად იქნება, თუმცა იმედი გვაქვს, რომ ნელ-ნელა, ეტაპობრივად ყოველივე ამას დავაბრუნებთ. დაგვჭირდება დაახლოებით ერთი წელი“, – განაცხადა გიორგი გახარიამ. 

გახარია: საქართველო უნდა იყოს ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც ტურიზმის სფეროს გახსნის

მისი თქმით, აუცილებელია ერთობლივი მუშაობა. ასევე ყველას უნდა ესმოდეს, რომ პანდემია არის გლობალური გამოწვევა.

„ამიტომ ჩვენ ახლა ძალიან აქტიურად ვმუშაობთ ორმხრივ ფორმატში კონკრეტულ სახელმწიფოებთან და პირველი, როგორც ჩანს, იქნება ისრაელი, საიდანაც შემოვიყვანთ ტურისტებს. ისრაელისთვის ორი ძირითადი მიმართულებაა საინტერესო, პირველ რიგში, ქუთაისი და შემდგომ – ბათუმი, ამიტომ მზად უნდა ვიყოთ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ისრაელი შეიძლება გახდეს პირველი ქვეყანა, რომელსაც საქართველო კარს გაუღებს და ტურისტებისთვის ე.წ. „მწვანე დერეფანს“ გახსნის. კორონავირუსის პანდემიასთან წარმატებული ბრძოლის წყალობით ხელისუფლებამ 15 ივნისიდან შიდა ტურიზმის განახლება, 1 ივლისიდან კი უცხოელი ტურისტებისთვის საზღვრების გახსნის გადაწყვეტილება მიიღო. საქართველოში ჩამოსული ტურისტები ე.წ. „მწვანე ზონებში“ დაისვენებენ, სადაც უზრუნველყოფილი იქნება სრული უსაფრთხოება როგორც ტურისტებისთვის, ისე ადგილობრივი მოსახლეობისთვის.

გარდა ამისა, აღნიშნულ საკითხზე საქართველო აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს ჩეხეთთან, პოლონეთთან, ავსტრიასთან, ბალტიისპირეთთან და მეზობელ ქვეყნებთან.

ისრაელის მთავრობამ საქართველოს და კიდევ შვიდ ქვეყანას მოგზაურობისთვის ყველაზე უსაფრთხო ქვეყნების სტატუსი მიანიჭა. ტურისტული ინდუსტრიის აღორძინების ამბიციური გეგმის რეალიზაციისთვის, რომელიც პანდემიის გამო ყველაზე მეტად დაზარალდა და შემოსავლების 70% დაკარგა, საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, ქვეყანა წარადგინოს როგორც უსაფრთხო ტერიტორია.