ლევან დავითაშვილი: გარემოს დაცვა სულ უფრო აქტუალური ხდება

საქართველო მდიდარია უნიკალური ბუნებით და შთამომავლობისთვის მისი შენახვა საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია, აღნიშნა მინისტრმა.
Sputnik

თბილისი, 5 ივნისი – Sputnik. ბუნების დაცვა სულ უფრო აქტუალური ხდება და მსოფლიოს წინაშე მდგარი ყველა პრობლემა თითოეულ ჩვენგანს გვახსენებს, რომ გარემოზე ზრუნვა პრიორიტეტი უნდა გახდეს, განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა გარემოს დაცვის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე. 

კორონავირუსი – ეკოლოგიისთვის მებრძოლი: საქართველოში ჰაერი გაიწმინდა

მინისტრმა აღნიშნა, რომ წელს მსოფლიო განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებას, რამდენადაც ბიომრავალფეროვნება უზრუნველყოფს ეკოსისტემების მდგრადობას, ის სასიცოცხლო როლს ასრულებს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების წარმოქმნასა და განვითარებაში.

„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო საკუთარ თავზე იღებს ჩვენი ქვეყნის უნიკალურ სიმდიდრესა და ბუნებაზე ზრუნვის პასუხისმგებლობას. ამ პასუხისმგებლობის გათვალისწინებით, ჩვენ ევროპული სტანდარტების და გამოცდილების გაზიარებით შევიმუშავეთ და მივიღეთ არაერთი საკანონმდებლო აქტი. მივიღეთ ტყის ახალი კოდექსი, რომელიც ქვეყანაში ტყის მდგრადი მართვის პრინციპებს ამკვიდრებს და ტყის მართვა სრულიად ახალ ეტაპზე გადაჰყავს“, – განაცხადა დავითაშვილმა.

მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ 2019 წელს საქართველოში პლასტიკის პაკეტების გამოყენება აიკრძალა. ასევე ამოქმედდა მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულებების სისტემა, რაც უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია ბუნების დაცვისა და ეკონომიკის ალტერნატიული საქმიანობების წასახალისებლად. 

ეპიდემიამ ხალხს აჩვენა, რომ მთავარი ეკოლოგიურად სუფთა საკვებია, ანუ ზოგი ჭირი მარგებელია

„მწარმოებლებისადმი გაფართოებული მოთხოვნების მიღება გარანტიას იძლევა, რომ ბატარეები და აკუმულატორები, გამოყენებული საბურავები, ზეთები, შესაფუთი ნარჩენები და ელექტროხელსაწყოები და ელექტრონული ნარჩენები გარემოს აღარ დააბინძურებს. ჩვენ გავაძლიერეთ წყლის და ატმოსფერული ჰაერის მონიტორინგის სისტემა; შეიქმნა ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალი“, – განაცხადა მინისტრმა.

დავითაშვილმა ასევე ისაუბრა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში განხორციელებულ რეფორმებზეც და აღნიშნა, რომ სამინისტროს პრიორიტეტს წარმოადგენს სკოლამდელი ასაკის ბავშვების ინფორმირება ეკოლოგიური პრობლემების შესახებ.

5 ივნისს გარემოს დაცვის მსოფლიო დღე აღინიშნება, რომელიც გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 1972 წლის 15 დეკემბერს დააწესა.