შეხლა-შემოხლა პოლიციასთან: ბათუმში „ლავასოღლის“ მხარდამჭერები დააკავეს – ვიდეო

ცნობილი კრიმინალური ავტორიტეტის გარემოცვა მისი თურქეთიდან საქართველოში ექსტრადიციის მოთხოვნით ბათუმში პერმანენტულ აქციებს მართავს.
Sputnik

თბილისი, 5 ივნისი – Sputnik. აჭარაში ცნობილი კანონიერი ქურდის მინდია გორაძის, მეტსახელად „ლავასოღლის“ მხარდამჭერთა აქციაზე ცხრა პირი დააკავეს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი-2“. 

„ლავასოღლის“ მეგობრებმა პროტესტის ნიშნად პირები ამოიკერეს

აჭარის პროკურატურასთან უკვე მეხუთე დღეა იმართება აქცია, რომლის მონაწილეებიც „ლავასოღლის“ თურქეთიდან საქართველოში ექსტრადირებას მოითხოვენ. აქციის მონაწილეებმა, სახელმწიფო დაწესებულებების რამდენიმედღიანი პიკეტირების შემდეგ, იუსტიციის სახლთან კარვები გაშალეს და ხელისუფლებას ულტიმატუმი წაუყენეს. 17-მა პირმა  შიმშილობა დაიწყო, ოთხმა კი პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერა. 

სამართალდამცველებმა აქციაზე ცხრა პირი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის გამო  დააკავეს. მათ პოლიციელების კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას ედავებიან.

ინციდენტი მას შემდეგ დაიწყო, რაც შეკრებილებმა სარფის მიმართულებით მსვლელობა მოაწყვეს. მათ გონიო-სარფის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის გადაკეტვა სურდათ, რისი საშუალებაც საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა არ მისცეს.

დაკავებულები პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. ბათუმში იუსტიციის სახლთან კი აქცია გაგრძელდა.

ამ მომენტისთვის მინდია გორაძე თურქეთში ექსტრადიციულ პატიმრობაში იმყოფება. „ლავასოღლი“, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება ინტერპოლის ხაზით ეძებდა, 2018 წლის ოქტომბერში ტრაპიზონში დააკავეს.

2019 წლის აპრილში ბათუმის საქალაქო სასამართლომ გორაძეს დაუსწრებლად შეუფარდა 10 წლით პატიმრობა ქურდულ სამყაროსთან კავშირის გამო. კიდევ უფრო ადრე, 2018 წლის ივლისში ბათუმის საქალაქო სასამართლომ გორაძე დაუსწრებლად ცნო დამნაშავედ მუხლებით: „კანონიერი ქურდობა“, „ჯგუფურად გამოძალვის ორგანიზება“ და „ძალადობის მუქარით ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლა“ და 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა. 2019 წლის თებერვალში ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ განაჩენი ძალაში დატოვა. 

პროკურატურის მონაცემებით, 2014-2015 წლებში „ლავასოღლის“ კავშირი ჰქონდა საქართველოში მყოფ კრიმინალურ ავტორიტეტებთან, იღებდა მათგან ინფორმაციას კრიმინალურ სამყაროში არსებულ ვითარებაზე და აძლევდა მითითებებს თავისი გავლენის გასაძლიერებლად. იგი მონაწილეობდა ასევე ქურდული „ობშჩაკის“ შეგროვებაში.