ფეხსაცმელების სკანდალი ჯარში: მწარმოებელმა ოფიციალური წერილი გამოგზავნა

თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, სიცრუეზე დაფუძნებული ნეგატიური კამპანია საქართველოს თავდაცვის ძალების წინააღმდეგაა მიმართული
Sputnik

თბილისი, 5 ივნისი - Sputnik. გერმანულმა კომპანია “ლოვამ“ ოფიციალური წერილით დაადასტურა, რომ თავდაცვის ძალებისთვის შეძენილი ფეხსაცმელი ნამდვილად მათ მიერაა წარმოებული, ნათქვამია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში

საპარლამენტო არჩევნები და ჯარი: ვის დაუჭერს მხარს შეიარაღებული ძალები

მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ  სამხედროებისთვის “ლოვას” და “ჰაიქსის” ფირმის ფეხსაცმელის ნაცვლად მათი ყალბი ანალოგები შეიძინა. უწყებამ აღნიშნული ინფორმაცია კატეგორიულად უარყო.

კომპანიის მიერ გამოგზავნილ წერილში აღნიშნულია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ შეძენილი სამხედრო ფეხსაცმელი, იგივე ბათინკი, ნამდვილად აღნიშნული კომპანიის კუთვნილ ქარხანაში, ევროკავშირში არის ნაწარმოები.

„ჩვენ 100%-იან გარანტიას ვიძლევით, რომ „ბათინკები“, რომელიც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გადაეცა, ევროკავშირში, ჩვენს ქარხანაში არის დამზადებული. ამ ქარხანაში ვაწარმოებთ დაახლოებით 10 000 წყვილ Lowa-ს ფეხსაცმელს დღეში. გთხოვთ, დანართად იხილოთ ჩვენი კომპანიის DIN EN ISO 9001:2015 სერტიფიკატი. დამოუკიდებელი ინსტიტუტი PFI ყოველწლიურად ახორციელებს ჩვენი კომპანიის მთლიან აუდიტს“, -ნათქვამია განცხადებაში.

დღეს  საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის უფროსმა გიორგი ხაინდრავამ უწყებაში სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე მედიას მოუწოდა, რომ მაქსიმალურად გადაამოწმონ თავდაცვის ძალებთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია და ნუ შეეცდებიან უარყოფითად წარმოაჩინონ ყველა ის სიკეთე, რაც ჯარისთვის კეთდება.

როგორც  გიორგი ხაინდრავამ  აღნიშნა, შესყიდული ფეხსაცმლის ფასი მნიშვნელოვნად დაბალია მათ საბაზრო ღირებულებაზე, რაც განპირობებულია თავდაცვის სამინისტროს წარმატებული მოლაპარაკებებით.