არჩევნები და კორონავირუსის გავრცელების საფრთხე: რა რეგულაციებს დააწესებს ხელისუფლება

კონკრეტულ რეგულაციებზე საუბარი ჯერჯერობით ნაადრევია, რამდენადაც აღნიშნული საკითხი შეთანხმებული უნდა იყოს ყველა მხარესთან – საერთაშორისო საზოგადოებასთან, პარტიებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, განაცხადა უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა.
Sputnik

თბილისი, 5 ივნისი – Sputnik. საქართველოს ხელისუფლება მზადაა ყველა ზომა გაატაროს არჩევნების დროულად ჩატარებისა და კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ დეპუტატმა ირაკლი კობახიძემ.

საპარლამენტო არჩევნები 2020 წლის 31 ოქტომბერსაა დაგეგმილი. ამასთან, ეპიდემიოლოგები უკვე ღიად საუბრობენ, რომ საქართველოში შემოდგომაზე კორონავირუსის მეორე ტალღაა მოსალოდნელი. 

პირველი რაუნდი ონლაინ–რეჟიმში: საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა იწყება

„ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ რაიმე პრობლემა არ შეიქმნება. როგორც იცით, საუბარი მიდის მეორე ტალღის შესაძლებლობაზე, თუმცა არავინ იცის, ეს როდის იქნება. არჩევნებს რაც შეეხება, კონსტიტუციის თანახმად, იგი 31 ოქტომბერს გაიმართება, ხოლო მეორე ტური – 21 ნოემბერს. თეორიულად ყველაფერი შესაძლებელია, მაგრამ ჩვენ გვაქვს ოპტიმისტური პროგნოზი, რომ არჩევნებს საფრთხე არ შეექმნება“, – განაცხადა კობახიძემ.

ამასთან, მან აღნიშნა, რომ ხელისუფლება აქტიურად მუშაობს იმაზე, რომ არჩევნებზე კორონავირუსის გავრცელება არ დაუშვას.

„უბნებზე და მათ ახლოს შეიძლება რიგი რეგულაციები დაწესდეს, რომელიც ხელს არ შეუშლის ხმის მიცემის პროცესს და, ამასთან, არჩევნებს არ გახდის პანდემიის გავრცელების დამატებით წყაროდ“, – განაცხადა კობახიძემ.

დეპუტატმა ასევე დასძინა, რომ კონკრეტულ რეგულაციებზე საუბარი ჯერჯერობით ნაადრევია, რამდენადაც აღნიშნული საკითხი შეთანხმებული უნდა იყოს ყველა მხარესთან – საერთაშორისო საზოგადოებასთან, პარტიებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან.

ამ ეტაპზე განსახილველ ვარიანტებს შორისაა დისტანცია საარჩევნო უბნებზე, პირბადის აუცილებლად გამოყენება და ტემპერატურის შემოწმება.