შემოსავლის გარეშე დარჩენილი ოჯახები და მთავრობის სტრატეგია

მთავრობის მხრიდან დახმარების ყველაზე სწრაფი ნაბიჯი იყო კომუნალური გადასახადებისგან მოქალაქეების გათავისუფლება და საბანკო სესხების გადავადება.
Sputnik

თბილისი, 4 ივნისი – Sputnik. კორონავირუსის პანდემიის გამო ბევრი ადამიანი შემოსავლის გარეშე დარჩა, ამიტომ ხელისუფლებას არ აქვს ბევრი ლოდინის დრო და შესაძლებლობა, განაცხადა მთავრობის სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ. 

როგორ ემზადება საქართველოს მთავრობა კორონავირუსის მეორე ტალღისთვის

პრემიერ-მინისტრის სიტყვებით, მიუხედავად იმისა, რომ პანდემია გლობალური გამოწვევაა და, შესაბამისად, ეკონომიკური კრიზისიც გლობალური პრობლემაა, მთავრობამ მაქსიმალურად ეფექტურად უნდა გააკეთოს თავისი საქმე.

„ჩვენ კარგად გვესმის, რომ, კრიზისიდან გამომდინარე, დღეს ჩვენს მოქალაქეებს, რა თქმა უნდა, უჭირთ. ბევრმა ადამიანმა დაკარგა შემოსავალი, ბევრ ადამიანს უბრალოდ შემოსავალი ვერ მიაქვს ოჯახში, ამიტომ ჩვენ არ გვაქვს ბევრი ლოდინის დრო და შესაძლებლობა“, – განაცხადა გახარიამ.

სწორედ ამიტომაც მთავრობის ყველაზე სწრაფი ნაბიჯი იყო მოქალაქეთა ნაწილის კომუნალური გადასახადებისგან გათავისუფლება, საბანკო სესხების გადავადება როგორც ფიზიკური პირებისთვის, ისე კომპანიებისთვის.

„ამან მოგვცა შესაძლებლობა, მოგვეგო დრო, უკეთ გავრკვეულიყავით გამოწვევის სირთულეებში და შემდგომ ჩვენ გვქონდა კონკრეტული, მიზნობრივი სოციალური დახმარების გეგმა, რომელიც წარმოვადგინეთ და რომლითაც ჩვენი მოქალაქეები უკვე სარგებლობენ“, – განაცხადა პრემიერმა. 

როგორ სრულდება ბიუჯეტი საქართველოში ეკონომიკური კრიზისის ფონზე

გახარიამ პოსტკრიზისულ ეკონომიკურ სტრატეგიაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სამუშაო ვარიანტს მთავრობა განსახილველად მოქალაქეებს წარუდგენს.

„ყოველთვის ვამბობდი, რომ პოსტკრიზისული ეკონომიკური სტრატეგია – ეს სხვა ისტორია, სხვა გეგმაა. იგი სხვა დონის მუშაობას საჭიროებს. სწორედ ამიტომ თითოეული თქვენგანი, განსაკუთრებით, ეკონომიკური გუნდის წევრები, ჩართული არიან ქვეყნის პოსტკრიზისული ეკონომიკური აღდგენის გეგმაზე მუშაობის პროცესში“, – განაცხადა გახარიამ.

მისი სიტყვებით, ეს არის ქვეყნის მოკლევადიანი, საშუალოვადიანი და გრძლევადიანი ეკონომიკური განვითარების სტრატეგია, რომელზეც ადგილობრივ ექსპერტებთან ერთად მუშაობენ კემბრიჯისა და ლონდონის უნივერსიტეტების საუკეთესო მეცნიერები, ასევე აუდიტორული კომპანია Deloitte-ის ნიუ-იორკის ოფისის ანალიტიკოსები. აღნიშნული გეგმა საქართველოს შესაძლებლობას მისცემს, პოსტპანდემიურ ეკონომიკასა და გლობალურ კონკურენციაში იყოს მაქსიმალურად მომზადებული და ეფექტური.