საქართველომ ბულგარეთისგან ჰუმანიტარული დახმარება მიიღო

ბულგარეთის ელჩმა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს სპეციალური კომბინეზონები და ინდივიდუალური დაცვის სხვა საშუალებები გადასცა.
Sputnik

თბილისი, 4 ივნისი — Sputnik. ბულგარეთმა საქართველოს კორონავირუსთან ბრძოლისთვის ჰუმანიტარული დახმარება გადასცა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2".

საქართველოში ბულგარეთის ელჩმა დესისლავა ივანოვა-კოზლევამ ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს პირადად გადასცა სპეციალური კომბინეზონები, ფარები და სათვალეები. 

ასმილიონიანი შეთანხმება: საქართველო კრიზისთან ბრძოლისთვის თანხას მიიღებს

„მოხარული ვარ, რომ მაქვს პატივი და შესაძლებლობა, ეს ჰუმანიტარული დახმარება გადავცე საქართველოს. ეს არის როგორც პოლიტიკური, ასევე პრაქტიკული ნაბიჯი. აღნიშნული აჩვენებს, რომ მსგავსი გამოწვევების დროს ჩვენ ერთად ვდგავართ“, – განაცხადა ივანოვა-კოზლევამ.

ჯანდაცვის სამინისტრო მუდმივად მუშაობს სამედიცინო ეკიპირების შევსებაზე, რათა ექიმები კორონავირუსული ინფექციის მქონე პაციენტების მკურნალობის დროს სრულად იყვნენ დაცული. უწყება მუდმივად აწარმოებს მოლაპარაკებებს დონორ ქვეყნებთან და პარტნიორ კომპანიებთან მარაგების შევსების მიზნით. არანაკლებ მნიშვნელოვან როლს ასრულებს ასევე ჰუმანიტარული შემოწირულებები, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნიდან შემოდის.

საქართველომ და ბულგარეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წელს დაამყარეს. მხარეები აქტიურად თანამშრომლობენ ეკონომიკის, ენერგეტიკის, ტრანსპორტის, კულტურისა და განათლების სფეროებში.