საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევისთვის ათასობით პირი დაჯარიმდა

საგანგებო მდგომარეობის რეჟიმისა და კომენდანტის საათის წესების დარღვევისთვის ჯარიმა ფიზიკური პირებისთვის შეადგენდა 3 ათას ლარს, იურიდიული პირებისთვის – 15 ათას ლარს.
Sputnik

თბილისი, 4 ივნისი – Sputnik. საგანგებო მდგომარეობის დროს, რომელიც საქართველოში 21 მარტიდან 23 მაისამდე მოქმედებდა, რეჟიმის დარღვევის გამო სამართალდამცველებმა 8 716 ფიზიკური და 21 იურიდიული პირი დააჯარიმეს, ნათქვამია COVID-19-ის წინააღმდეგ საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების ანგარიშში.

საგანგებო მდგომარეობის რეჟიმისა და კომენდანტის საათის წესების დარღვევისთვის ჯარიმა ფიზიკური პირებისთვის შეადგენდა 3 ათას ლარს, იურიდიული პირებისთვის – 15 ათას ლარს. ერთი კვირის წინ ცნობილი გახდა, რომ საქართველოს პარლამენტი გადახედავს საგანგებო მდგომარეობის რეჟიმისა და კომენდანტის საათის დარღვევისთვის დაწესებული ჯარიმების ოდენობას.

დოკუმენტის თანახმად, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის მოქმედების პერიოდში სულ გამოვლინდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 8 737 ფაქტი:

პარლამენტი საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევისთვის დაწესებულ ჯარიმებს გადახედავს

  • საკარანტინო სივრცეში გადაყვანილ იქნა 382, ხოლო დაჯარიმდა 144 პირი;
  • მგზავრთა გადაყვანის ან მგზავრობის წესის დარღვევა: დაჯარიმდა 1 406 ფიზიკური პირი;
  • მსუბუქი ავტომანქანით გადაადგილება: დაჯარიმდა 430 ფიზიკური პირი;
  • 3 პირზე მეტის შეკრების ან ობიექტზე 2 მეტრის დისტანციის დაუცველობა და პირბადის გამოუყენებლობა: დაჯარიმდა 1 850 ფიზიკური პირი;
  • კომენდანტის საათის დარღვევა: დაჯარიმდა 4 820 ფიზიკური პირი;
  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე გადაადგილება: დაჯარიმდა 27 ფიზიკური პირი;
  • იურიდიული პირის მიერ საგანგებო რეჟიმით აკრძალული საქმიანობის ფაქტი: დაჯარიმდა 21 იურიდიული პირი;
  • ინდივიდუალური მეწარმის მიერ საგანგებო რეჟიმით აკრძალული საქმიანობის ფაქტი: დაჯარიმდა 39 ფიზიკური პირი (ინდ. მეწარმე).

საქართველოს მოქალაქეებმა, რომლებიც საგანგებო მდგომარეობის მოქმედების დროს სხვადასხვა ადმინისტრაციული დარღვევისთვის დაჯარიმდნენ, წესით, 23 მაისიდან ყველა ჯარიმა და საურავი უნდა გადაიხადონ.

გავრცელებული ინფორმაციით, საგანგებო მდგომარეობის მოქმედების დროს გამოწერილი ჯარიმების საერთო მოცულობამ 25 მილიონ ლარს გადააჭარბა.

საგანგებო მდგომარეობის დროს, რომელიც საქართველოში 21 მარტიდან 23 მაისამდე მოქმედებდა, ყველა ადმინისტრაციული ჯარიმის გადახდა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე გადაიდო.

საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის წესების დარღვევისთვის გამოწერილი ჯარიმების გადახდა საგანგებო მდგომარეობის მოხსნიდან 30 დღის განმავლობაში უნდა მოხდეს. ასევე შესაძლებელია ჯარიმის გასაჩივრება. ცნობილია, რომ რამდენიმე ათეულმა ადამიანმა ონლაინ-სარჩელები სასამართლოში შეიტანა.