პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის ჯარიმა დაწესდება

შესაბამისი ცვლილებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსებში შედის. პირბადის ტარების წესების გარდა, ჯარიმები კარანტინის და თვითიზოლაციის დარღვევისთვის წესდება
Sputnik

თბილისი, 4 ივნისი  – Sputnik. მოქალაქეები, რომლებიც დახურულ საჯარო სივრცეში თავშეყრისას ან საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისას პირბადეს არ გაიკეთებენ, 50 ლარით დაჯარიმდებიან, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

შესაბამისი ცვლილებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსებში შედის.

„დახურულ საჯარო სივრცეში თავშეყრისას პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის ფიზიკური პირი დაჯარიმდება 50 ლარით. ამასთან, პირბადის არმქონე პირის დახურულ საჯარო სივრცეში დაშვებისთვის დახურული საჯარო სივრცის მფლობელი იურიდიული პირი დაჯარიმდება 500 ლარით“, - აღნიშნულია დოკუმენტში.
საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევისთვის ათასობით პირი დაჯარიმდა

კანონპროექტის თანახმად, საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მეტროპოლიტენით გადაადგილებისას მგზავრი და მძღოლი ვალდებულია, ატაროს პირბადე. თუ მგზავრი არ ატარებს პირბადეს, ის დაჯარიმდება 50 ლარით. 50 ლარით დაჯარიმდება ასევე მძღოლიც, თუ ის არ ატარებს პირბადეს.

რაც შეეხება ტაქსებს (M1 კატეგორია), ტაქსით გადაადგილებისას მძღოლი და მგზავრი ვალდებულნი არიან, ატარონ პირბადე. თუ მგზავრი არ ატარებს პირბადეს, ის დაჯარიმდება 50 ლარით. 50 ლარით დაჯარიმდება ასევე მძღოლიც, თუ ის არ ატარებს პირბადეს.

ცვლილებები ასევე ეხება იზოლაციისა და კარანტინის წესის სხვა დარღვევებს, რომლისთვისაც ფიზიკური პირი დაჯარიმდება 2000 ლარით, ხოლო იურიდიული პირი 10 000 ლარით.

ამასთან, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა პირს დაეკისრება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ განმეორებით დაარღვევს იზოლაციისა და კარანტინის იმ წესებს, რომლებიც მე-5 პუნქტშია (სხვა დარღვევები) მითითებული და მძიმე შედეგებთან არის დაკავშირებული.

სომხეთში პირბადით სიარული სავალდებულო ხდება - ფაშინიანი ერთმანეთის თვალთვალისკენ მოუწოდებს >>

საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 21 მარტს გამოცხადდა და ის 23 მაისამდე მოქმედებდა. ამჟამად მთავრობა პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების დაჩქარებულ ტემპში მოხსნის პროცესს აგრძელებს.

შეზღუდვების მოხსნის გეგმა ექვსეტაპიანია და მისი განხორციელება ქვეყანაში ეპიდსიტუაციაზეა დამოკიდებული. გეგმის თანახმად, შეზღუდვები სრულად 6 ივლისისთვის უნდა იყოს გაუქმებული. მანამდე კი ქვეყანაში დახურულ სივრცეებში პირბადის ტარება აუცილებელი პირობაა.