როგორ ემზადება საქართველოს მთავრობა კორონავირუსის მეორე ტალღისთვის

საქართველო საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ცხოვრების სხვადასხვა სფეროზე კორონავირუსის ეპიდემიის გავლენის შესახებ ფართომასშტაბიან კვლევას ჩაატარებს.
Sputnik

თბილისი, 4 ივნისი – Sputnik. აუცილებელია დეტალური კვლევის ჩატარება კორნავირუსის ცხოვრების სხვადასხვა სფეროზე გავლენის კუთხით, რათა მოვემზადოთ პანდემიის მეორე ტალღისთვის, რომელზეც ყველა ლაპარაკობს, განაცხადა მთავრობის სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ.

პრემიერის თქმით, მუშაობამ პარლამენტისთვის წარდგენილ ანგარიშზე მთავრობის მიერ კრონავირუსთან ბრძოლაში გადადგმული ნაბიჯების შესახებ ნათლად აჩვენა, რომ ეს ძალზე კარგი შესაძლებლობაა სუსტი ადგილების გამოსავლენად.

პრემიერი მთავრობის უპირველეს მიზნებს ასახელებს

პრემიერმა აღნიშნა, რომ ეს ანგარიში საფუძვლად დაედება კვლევას, რათა პანდემიასთან ბრძოლა უფრო ეფექტური იყოს.

„იმისთვის, რომ უფრო ეფექტურად ვიყოთ მომზადებული შესაძლო მეორე ტალღისთვის... გვინდა გამოვიყენოთ ეს ანგარიში, როგორც, ასე ვთქვათ, პირველი ნაბიჯი იმისთვის, რომ დავიწყოთ ფართო კვლევა საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად COVID-19-ის ვირუსის, ეპიდემიის ზეგავლენის შესახებ ჩვენი ცხოვრების სხვადასხვა სფეროზე – სოციალური და პოლიტიკური ცხოვრება, ადამიანის უფლებები, ბავშვების უფლებები, სამართლებრივი პროცესები და ა.შ. თუ ვამბობთ, რომ ეს არის გლობალური პანდემია, ჩვენ მას ვპასუხობთ ეფექტურად, რამეთუ ვმართავთ რისკებს, შესაბამისად, უნდა გადავაზღვიოთ ჩვენი სოციალური ცხოვრების ყველა სფერო, რათა ადაპტაცია მოხდეს არა მხოლოდ ეკონომიკასთან, არამედ ცხოვრების სხვადასხვა სფეროსთან. ვფიქრობ, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები და დონორები მოგვეხმარებიან მსგავსი კვლევების ჩატარებაში მაქსიმალურად სწრაფ დროში“, – განაცხადა გახარიამ.

პრემიერმა აღნიშნა, რომ ეს კვლევა შესანიშნავი შესაძლებლობა გახდება იმისთვის, რომ არა მხოლოდ უკეთ მოვემზადოთ მეორე ტალღისთვის, არამედ საქართველოს გამოცდილება გავუზიაროთ საერთაშორისო პარტნიორებსაც.