როდის განახლდება შიდა ავიარეისები საქართველოში

საქართველოს მოსახლეობა თითქმის 2,5 თვე ვერ სარგებლობდა შიდა ავიარეისებით, რომელთა შესრულება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისთანავე შეწყდა.
Sputnik

თბილისი, 4 ივნისი – Sputnik. კორონავირუსის პანდემიის გამო შეჩერებული შიდა ავიარეისები 15 ივნისს განახლდება, ინფორმაცია ამის შესახებ გამოაქვეყნა ქართულმა ტურისტულმა კომპანიამ Vanilla Sky.

რომელი ქვეყნიდან ჩამოვლენ საქართველოში პირველი ტურისტები - შეთანხმება მიღწეულია>>

საქართველოში შიდა ტურიზმი 15 ივნისიდან აღდგება, ხოლო ქვეყანა უცხოეთიდან მოგზაურებს 1 ივლისიდან მიიღებს.

„Vanilla Sky 15 ივნისიდან აღადგენს შიდა რეისებს თბილისი-ბათუმის; ნატახტარი-მესტიის; ნატახტარი-ამბროლაურის მიმართულებით. სულ მალე შეგატყობინებთ ფრენების განრიგს“, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

ავიაკომპანია Ak-Air Georgia-მ, რომელიც საქართველოში შიდა ავიარეისებს ასრულებს, ფრენები 22 მარტს შეაჩერა საგანგებო რეჟიმის ამოქმედებასთან დაკავშირებით.

როგორ უზრუნველყოფს მგზავრთა უსაფრთხოებას თბილისის აეროპორტი

საგანგებო მდგომარეობა საქართველოში 21 მარტს დაწესდა და 23 მაისამდე მოქმედებდა. შემდეგ დაიწყო შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნა. ამჟამად მთავრობა შეზღუდვებს დაჩქარებული ტემპით ხსნის.

შეზღუდვების მოხსნის გეგმა ექვსი პუნქტისგან შედგება, მაგრამ მისი რეალიზება ქვეყანაში ეპიდემიურ ვთარებაზეა დამოკიდებული. გეგმის მიხედვით შეზღუდვები საბოლოოდ 6 ივლისისთვის უნდა მოიხსნას. მანამდე კი ქვეყანაში აუცილებელია სამედიცინო პირბადის ტარება დახურულ საზოგადოებრივ ადგილებში.